LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რატიმ რომ მოისმინა, როგორ ვმღეროდი რუსას ამ სიმღერას, მითხრა, ხვალვე მიდიხარ სტუდიაში და ჩაწერო…“ – ახალი კლიპი მაკა ზამბახიძისგან

1271
მაკა

მაკა ზამბახიძემ რუსა მორჩილაძის სიმღერაზე „დრო“ ახალი კლიპი შემოგვთავაზა.

მომღერალი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივ ფიზიკურ და ვოკალურ ფორმაშია.

სიმღერა „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა, არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის, მასტერინგი – ალეკო ბერძენიშვილს.

სიმღერის ჩაწერაში აქტიურად მონაწილეობდა თავად კომპოზიტორიც.

კლიპი  გადაიღო გიორგი ავეტისიანმა, რომელსაც მაკას ყველა ბოლო ვიდეონამუშევარი აქვს შესრულებული.

მაკა ზამბახიძე:

რუსასთან ჩემი თანამშრომლობა გასაკვირი არ არის, არაერთი მისი სიმღერა მაქვს ჩაწერილი, დუეტიც და სოლოც.

ეს არის რუსას ძალიან ძველი სიმღერა, რომელსაც სხვაენოვანი ტექსტი ჰქონდა და ასრულებდნენ ნუცა შანშიაშვილი და აჩიკო მეფარიძე.

ტექსტი ირინა სანიკიძემ დაგვიწერა.

ეს სიმღერა რომ უნდა ჩამეწერა, იდეა დათუნა სულიკაშვილმა მომაწოდა. მან მომაფიქრებინა, რომ ის ახალი ჟღერადობით ჩაგვეწერა. გამოვიდა სულ ახალთახალი კომპოზიცია, თავისი უმაგრესი ტექსტით, – ყველას ცხოვრებაში რომ რაღაც მსგავსი მომხდარა და ყველა დაუკავშირებს თავის ცხოვრებას, შთამბეჭდავი და გულში ჩამწვდომია. ძალიან ბევრი აღნიშნავს ტექსტის ფაქტორს. სიმღერასა და ნამღერზე ქება-დიდება მიმდინარეობს, თუმცა ტექსტსაც ცალკე აღნიშნავენ.

ვიდეორგოლის ავტორი ვინ არის?

კლიპი გადამიღო რეჟისორმა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მემსახურება ფანტასტიკურად და თავდაუზოგავად. გიორგი ავეტისიანმადა მისმა FaF პროდაქშენმა. სამწუხაროდ, გიორი ამერიკაში წავიდა სამოღვაწეოდ და როცა ეს სიმღერა მოვასმენინე, იმდენად მოეწონა, რომ სურდა, თავისი ბოლო ნამუშევარი დაეტოვებინა ჩემთვის, რადგან არ იცის, საქართველოში როდის დაბრუნდება… ლამაზი კადრები ავიღეთ.

რუსა თავად თუ იყო ჩართული სიმღერის ჩაწერაში?

ჩემი აზრით, ეს სიმღერა არის ნაფიქრი და სრულყოფილი, რუსას ეს სიმღერა დაწერილი აქვს ყველაზე ნაყოფიერ, 90-იან იანებში. მის საყვარელი სიმღერების ათეულში შედის. ძალიან დიდი მონდომებით იყო ჩართული არანჟირებაში და ყველა მომენტში. სულ სტუდიაში იყო, ყველაფერი რუსასთან ერთად არის მოფიქრებული, ტექსტიც კი. რუსას ფრაზაა: „სიყვარულს უჩვენობით გასვლია დრო“. ტექსტზე ერთად მუშაობდნენ ირინა და რუსა.

ვიდეო: „ესეც რუსა მორჩილაძის მართლაც საოცარ სიმღერაზე ჩემი ვიდეორგოლი” – მაკა ზამბახიძე ახალ კლიპს გვიზიარებს

სიმღერის ჩაწერა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა?

დიდი ხნის წინ დავიწყეთ ჩაწერა, მერე რაღაც პერიოდი შეჩერდა. დუეტი „ჯორჯია“ რომ აღდგა, მე დარატის ხშირი შეხვედრები გვქონდა, რეპერტუარს განვიხილავდით და ერთ დღეს მას მოვასმენინე, ვუმღერე ცოცხლად და ცრემლები წამოუვიდა… რაღაც მიზეზების გამო სიმღერა  არ იყო დასრულებული. ხვალვე მიდიხარ სტუდიაში და ასრულებ ჩაწერასო, მითხრა. მართლაც ასე მოხდა. ახლა რატის აქვს ჩასაწერი რუსას სიმღერა და მე უნდა შევაგულიანო (იღიმის).

დუეტი „ჯორჯია“ ახალ სიმღერებს წარმოგვიდგენთ?

დუეტი „ჯორჯია“ რა თქმა უნდა, მუშაობს, გვაქვს ორი ახალი სიმღერა, ორივე რატის ეკუთვნის. ჯერჯერობით ვეძებთ რეჟისორს, რომელიც კლიპს გადაგვიღებს, ერთზე მაინც…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

ფოტო: მაკა ზამბახიძე ელეგანტურ შავ კაბაში: „მალე ჩემი ახალი კლიპი გამოვა!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები