გადაცემა „With Tamia / თამიასთან“ ქართველი სასულიერო პირების ამერიკულ ცხოვრებას მიეძღვნა.
სასულიერო პირები ოკეანის მეორე მხარეს, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის არამხოლოდ სულიერ საყრდენს ქმნიან, არამედ ცდილობენ ემიგრანტებს შეუქმნან ის, რაც ყველაზე მეტად ენატრებათ – სახლის შეგრძნება.
გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს მღვდელ-მონაზონმა იერონიმემ და მღვდელ-მონაზონმა ირინეოსმა.
სასულიერო პირის მოღვაწეობა ემიგრაციაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს ემიგრანტებისთვის იყო საყრდენი მაშინ, როცა ისინი ყველაზე შორს არიან სახლიდან.
კითხვაზე, „რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ და გიყვართ თქვენს პროფესიაში“ – მღვდელ-მონაზონი იერონიმე პასუხობს:
„პროფესიულად თუ შევხედავთ, ყველაზე მეტად რაც მე მსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობაა. ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა მოვუსმინო ადამიანებს, მივცე ჩემი მცირედი გამოცდილებიდან სულიერი რჩევა. ამავდროულად, ვემსახურო მათ და როდესაც ვხედავ, რომ ადამიანი მოდის და იმედის თვალით გიყურებს, შენგან წასული კი როდესაც ამ,ბობს, რომ მიფრინავს სიხარულით ბედნიერებისგან, ამაზე დიდი8 ბედნიერება რა შეიძლება იყოს?! მე სიამოვნებას ვიღებ იმით, რომ ადამიანებს ვასიამოვნებ“, – აცხადებს მღვდელ-მონაზონი იერონიმე.
გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა მღვდელ-მონაზონმა ირინეოსმაც.
„როდესაც ვიღაცისთვის ხარ იმედი – ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება! როდესაც ვიღაც მოდის და გეუბნება, რომ „მამაო, ძალიან მეიმედები“. ეს ერთია, რომ ყველას ღმერთი გვეიმედება, აუცილებლად! ღმერთი არის ამომავალი წერტილი. მაგრამ, როდესაც შენ ადამიანი ადამიანურ ნდობას გიცხადებს, მე ვფიქრობ, ამაზე დიდი ბედნიერების მომნიჭებელი არაფერია“, – აცხადებს მღვდელ-მონაზონი ირინეოსი.
