LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ელისო ვირსალაძის საიუბილეო კონცერტით გაიხსნა

781
შემოდგომის თბილისი

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ელისო ვირსალაძის საიუბილეო კონცერტით გაიხსნა.

მსმენელის წინაშე სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით წარსდგა. კონცერტზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-3 კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის და სიმფონია N7 შესრულდა.

კონცერტის შემდეგ ელისო ვირსალაძემ აღნიშნა, რომ თბილისში ქართველ მსმენელთან შეხვედრა ყოველთვის რთულია.

„ორმაგად ძნელია თბილისში, ჯანსუღ კახიძის დარბაზში გამოსვლა, რადგან დიდი ხანია აქ არ დამიკრავს“. – აღნიშნა ელისო ვირსალაძემ მედიასთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ 14 სექტემბერს ელისო ვირსალაძე იუბილარი იყო.

როგორც მან აღნიშნა, საკუთარ დაბადების დღეზე კონცერტი პირველად ჰქონდა.

ვახტანგ კახიძემ მადლობა გადაუხადა ორკესტრს ფესტივალის არაჩვეულებრივად დაწყებისთვის.

„ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება იყო ქალბატონ ელისოსთან მუსიცირება. ის საოცარი დონის მუსიკოსია. განსაკუთრებით საინტერესოა რეპეტიციები. ელისო ვირსალაძისგან უამრავ საინტერესო რამეს იგებ“, – აღნიშნა ვახტანგ კახიძემ.

ფესტივალის გახსნამდე რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ თეკა კახიძე სტუმრობდა, რომელმაც  „შემოდგომის თბილისზე“ ვრცლად ისაუბრა.

„წელს, ფესტივალი ოცდამეცამეტედ ტარდება. ფესტივალი 14 სექტემბერს ჩაეშვება. ძალიან მოხარულები ვართ, რომ საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, ქალბატონი ელისო ვირსალაძე გვეწვევა და „თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან“ ერთად, გამართავს კონცერტს, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. ქალბატონი ელისოს თბილისში გამოსვლა ყოველთვის ძალიან დიდი მოვლენაა. ბილეთები უკვე აღარ არის, თუმცა ვინც შეძენა მოახერხა, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ. ქალბატონი ელისო ბეთჰოვენის მესამე საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს, ასევე შესრულდება ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია. ეს საღამო მთლიანად გენიალურ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს მიეძღვნება.

16 სექტემბერს, საკმაოდ ცნობილი, აკადემიური, შერეული გუნდი „კანტემუსი“ გვეწვევა, უნგრეთიდან. გუნდი ძალიან მრავალფეროვან პროგრამას წარგვიდგენს. შესრულდება როგორც უნგრელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, ასევე კლასიკოსების და თანამედროვეების საგუნდო ნაწარმოებები. ასეთი გუნდების კონცერტებით თბილისში განებივრებულები არ ვართ. ყველას ვურჩევდი, მოვიდნენ და მოისმინონ.

წლევანდელი ფესტივალი დახუნძლული გამოვიდა ქართველი მუსიკოსების იუბილეებით. 5 საიუბილეო კონცერტი გვაქვს“. – აღნიშნა თეკა კახიძემ ფესტივალის მრავალფეროვნებაზე საუბრისას.

„შემოდგომის თბილისი“ – საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელსაც დაუვიწყარ საღამოებს გვპირდება, სტარტს 14 სექტემბერს აიღებს

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 26 ოქტომბერს, ჯანსუღ კახიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტით დაიხურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g