„სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს და მე პირადად, უმცირეს შანსს ვიდრე ვხედავ, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ამ პროცესს ხელს შევუწყობ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
როგორც მელიამ აღნიშნა, სამოქალაქო თანხმობა ამ ეტაპზე პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას გულისხმობს და იმას, რომ არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს.
„გულუბრყვილო არც მოლოდინი და ილუზიები მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, უმცირეს შანსს ვიდრე ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩემი და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე, ისტორიის მოცემულ დროში გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას და ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება, არა მხოლოდ წარსულზე უნდა შევთანხმდეთ, უნდა შევთანხმდეთ მომავალზე და არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. სხვა შემთხვევაში სამოქალაქო თანხმობაზე საუბარი გაჭირდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ სალომე ზურაბიშვილს ძალიან სწორი ხედვა აქვს. მელიას შეფასებით, მას შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ პროცესში.
„ამის თაობაზე საჯაროდაც ისაუბრა, ჩემდა გასაკვირადაც, როცა იგი აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობ, გამოსავალიც მას სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი. ჩემი შეფასებით, მას შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ პროცესში“, – განაცხადა ნიკა მელიამ და იქვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სააკაშვილის ტყვეობაში არყოფნა. პატიმრები არიან უამრავი უკვე, მაგრამ პოლიტიკური მართლმსაჯულება ვიდრე არ მოწესრიგდება, ეს ვითარება არ შეიცვლება, თორემ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ასეთი, ადრე თუ გვიან მაინც გამოვა საპატიმროდან“, – განაცხადა მელიამ.
რაც შეეხება სააკაშვილის, მარგველაშვილისა და ზურაბიშვილის შეხვედრის საკითხს, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. „აქ საჭიროა ნება და მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი და ბატონი მარგველაშვილი აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად“, – დასძინა ნიკა მელიამ.