გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.
პრეზიდენტების შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან მესამე პრეზიდენტთან რამდენიმე საკითხი განიხილა. მათ შორის არ ყოფილა შეწყალების საკითხი.
სააკაშვილი, როგორც პუტინის პატიმარი; მორატორიუმი პოლიტიკურ საქმეებზე და სამი პრეზიდენტის ფორმატი – მარგველაშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან სწორედ ამ 3 ძირითადი მიმართულებით ისაუბრა.
“პირველ რიგში შეხვედრის ძირითადი ნაწილი ჩვენ ვსაუბრობდით იმ უსაფრთხოების გარემოზე რაც საქართველოს წინაშეა ამ დღეებში,”- განაცხადა მეოთხე პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით მან და მიხეილ სააკაშვილმა დეტალურად გაუზიარეს ერთმანეთს და მიმოიხილეს ქვეყნის ირგვლივ შექმნილი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორიც, მარგველაშვილის თქმით არის რუსეთი.
“რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც უშალოდ უკავშირდება უკრაინას, ავტომატურად და სარკისებურად არის ასახული და აისახება საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. ამ ნაწილთან დაკავშირებით ვსაუბრობდით და ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რომ ჩვენი ვალია, როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტებისა და მთავარსარდლების, გავიზიაროთ ეს შეშფოთება და ქალბატონ სალომესთან ერთად, ვიღვაწოთ იმ მიმართლებით რომ რაღაც მომენტში მთელ ამ დაპირისპირებას, ძალიან მძიმე გამოწვევა დაუდგეს წინ, სადაც ყველას უნდა გვქონდეს ფუნდამენტი გაერთიანებისთვის”
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის და ვლადიმერ პუტინის პატიმარი.
“ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, ჩვენ საქართველოში პუტინის პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი გვყავს” – აცხადებს მეოთხე პრეზიდენტი
მეოთხე პრეზიდენტის გნაცხადებით, რამდენი უთანხმობაც არ უნდა იყოს წარსულსა თუ მომავალში, სააკაშვილი არის ადამიანი, ვინც პუტინის სურვილით, ქართველების მიერ არის დაპატიმრებული და გამოკეტილი
“აქედან გამომდინარე, ვთანხმდებით ორივე რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშეა საქართველო. ჩვენ მიგავაჩნია, რომ მთავარსარდლების გაერთიანება და ტემპერატურის დაწევა ამ მიმართულებით, უაღრესად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერია.” – აღნიშნავს მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი აუცილებლად მიიჩნევს სამი პრეზიდენტის ფორმატს.
“ამ თვალსაზრისით ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმას, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახალი ტრადიციის შექმნაზე, ბუნებრივი იქნებოდა რომ აუცილებლად ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი და ამ ფორმატმა, მიუხედავად ყველას განსხვავებული დამოკიდებულებისა, ქართულ საზოგადოებას უნდა გაუგზავნოს გზავნილი, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ ვიქნებით გაერთიანებული. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს განსხვავებულობას” – განაცხადა მეოთხე პრეზიდენტმა.
გარდა სააკაშვილის პატიმრობისა, მესამე და მეოთხე პრეზიდენტების საუბარი მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივასაც შეეხო.
მარგველაშვილის განცხადებით საჭიროა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში მორატორიუმი გამოცხადდეს ისეთ საქმეებზე, რომლებიც ეხება, მამუკა ხაზარაძის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას საქმეებს.
მეოთხე პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეს ის საქმეებია რაც მიიჩნევა, რომ არის პოლიტიკურად მოტივირებული.
“ჩვენ არ ვამბობთ რომ ისინი არიან ან არ არიან დამნაშავეები. ჩვენ ამ პროცესს გარკვეულწილად ვაჩერებთ და შესაბამისად საუბრის წინაპირობა არ უნდა იყოს მიმდინარე დევნა ან პატიმრობა.” – განაცხადა მარგველაშვილმა
“კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. ეს არის შიმშილობის თემა, რომელიც მიმდინარეობს ახლა ნაციონალური მოძრაობის ოფისში.” – აცხადებს მარგველაშვილი
მისი განცხადებით, სააკაშვილი ძალიან დარდობს, იმ ადამიანებზე ვინც შიმშილობს და მისივე სიტყვებით ქვეყანაში ამ შიმშლობის დამთავრების მოტივაცია უნდა შეიქმნას.