რუსული კრიტიკული ტელეარხის, „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე გადაცემას „სთორი“ სტუმრობდა, სადაც მან “დოჟდის” მაუწყებლობის შეწყვეტაზე ილაპარაკა.
რუსეთის გენერალურმა პროკურორმა „ეხო მოსკოვი“ და „დოჟდი“ დაბლოკა
„ეს იყო იძულებით მიღებული გადაწყვეტილება. დაიბლოკა დოჟდის საიტი და ეს იყო სიგნალი იმისა, რომ უნდა წახვიდეთ ქვეყნიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.
ჩვენ ვიცოდით, რომ აპირებდნენ ამ კანონის მიღებას, რომელიც ითვალისწინებს 15 წლიან პატიმრობას. ომს რომ ომს ეძახი ეს მათთვის პრობლემაა და ფეიქის გავრცელება.
ვინც საკუთარ აზრს გამოთქვამს, ეს რუსეთისთვის საკმარისია, რომ დაისაჯონ.
მე ვიღებდი მუქარის შემცველ მესიჯებს, მწერდნენ – კადიროვის მონები ვართო. მუქარების ძალიან მეშინოდა, მაგრამ სანამ არხი ფუნქციონირებდა, სანამ ჩვენ ვიყავით ეთერში, სანამ საიტი მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მუქარები მოდიოდა, როგორ დავტოვებდი ორას კაცს რედაქციაში?!“- ამბობს ეკატერინე კოტრიკაძე.
წამყვანის კითხვაზე, დღეს რას ეუბნება რუსული მედია მოსახლეობას ? – კოტრიკაძე პასუხობს:
„რუსული მედია ამბობს, რომ კიევში ნაცისტები, ფაშისტები სხედან. იმდენად აბსურდული ინფორმაცია მოდის, ვერც კი დაიჯერებ, რომ ამას ვიღაცა უსმენს და იჯერებს.
ახალგაზრდა თაობას ასე ადვილად ვერ მოატყუებ. ისინი სოციალური ქსელებით იღებენ ინფორმაციას. არ დაიჯეროთ, რომ მთელი რუსეთი ამ პროპაგანდის მსხვერპლია. მერწმუნეთ, იქ სადაც არსებობს დიქტატურა ბევრი ხვდება სიმართლეს, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ამბობს”,– ამბობს ეკატერინე კოტრიკაძე.
„დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოვიდა
ცნობისთვის, რუსული კრიტიკული ტელეარხის, „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ქმართან, დოჟდის მთავარ რედაქტორთან, ტიხონ ძიადკოსთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა.
ტელეარხმა მაუწყებლობა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ცენზურის გამო შეწყვიტა – პუტინის რეჟიმის გადაწყვეტილებით, მედიებს აეკრძალათ სიტყვა ომის გამოყენება და სამთავრობო წყაროების გარდა სხვა ინფორმაციის გაშუქება.