LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების სახელმძღვანელოები შეიქნება

15
თამარ-ალადაშვილი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების სახელმძღვანელოების შექმნაზე იწყებს მუშაობას. ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ისაუბრა.

რა ეტაპზეა VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების სახელმძღვანელოების შექმნა?

ამ დროისთვის დარგის ექსპერტებთან მიმდინარეობს კონსულტაციები სახელმძღვანელოების ძირითადი კრიტერიუმების, თემებისა და კონცეფციის შესახებ. სახელმძღვანელოები თანხვედრაში იქნება განათლების და  მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნებთან და შეესაბამება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ სტანდარტებს. სახელმძღვანელოს  შემუშავების შემდეგ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაიწყებს  მასშტაბურ პროცესს, რომელიც VII-XII  კლასის პედაგოგებისა და სკოლის წარმომადგენლების გადამზადებას გულისხმობს.

რას შეუწყობს ხელს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში?

აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან I-VI-კლასებში პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” დანერგვის პროცესი აქტიურად და წარმატებით  მიმდინარეობს. ცენტრმა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის 400-ზე მეტი პედაგოგი უკვე გადაამზადა. პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძლიერდა პედაგოგების შესაძლებლობები შესაბამისი სახელმძღვანელოს მიხედვით გადამზადების გზით, ხოლო ათასობით მოსწავლე სწავლობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი. მასწავლებელთა გადამზადება მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.

ექცევა თუ არა ყურადღება სკოლამდელ გარემოსდაცვით განათლებას?

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისა და მეთოდისტების გადამზადებას 2016 წლიდან ახორციელებს. ტრენინგი ეფუძნება გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის მომზადებულ სახელმძღვანელოს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“. სახელმძღვანელო ყველა იმ საკითხს აერთიანებს, რომელთა ადრეული ასაკიდან სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად. პროგრამის ფარგლებში, 2016 წლიდან ჯამში 2352 აღმზრდელი და მეთოდისტია გადამზადებული. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის შეფასების და განახლების მიზნით 2022 წელს ჩატარდა კვლევა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განახლდა სახელმძღვანელო და დაემატა ახალი თემა – კლიმატის ცვლილება.

როგორ ხდება გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში?

2022 წელს ზრდასრულთათვის ცენტრმა პირველად შეიმუშავა და განხორციელების უფლება მოიპოვა პროფესიული მომზადების/გადამზადების სამი პროგრამისთვის: „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, „გარემოსდაცვითი მმართველი“ და „სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კლიმატგონივრული დაგეგმვა“. პროგრამები ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და მწვანე ბიზნესის განვითარებას.

პროფესიული გადამზადების პროგრამის „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების (მეტყევე-ტაქსატორი) მომზადება, რომლებიც შეძლებენ ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოების განხორციელებას.

“გარემოსდაცვითი მმართველის” კურსის მიზანი ნარჩენების მართვის კოდექსით დაკისრებული მოთხოვნების შესაბამისად, გარემოსდაცვითი მმართველების კადრის მომზადებაა.

პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კლიმატგონივრული დაგეგმვა“ მიზანია, მისი გავლის შემდეგ მონაწილემ შეძლოს აგრო-ეკოლოგიური ზონების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრით, ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, შერჩეული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებისთვის კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

პროგრამების აკრედიტაცია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ტრენინგების სისტემის მოდერნიზაცია“ ფარგლებში განხორციელდა.

მწვანე სტიპენდიების პროგრამაზეც მინდა გკითხოთ…იგეგმება თუ არა წელსაც სტიპენდიის პროგრამა?

დიახ იგეგმება. დეფიციტური გარემოსდაცვითი პროფესიების ხელშეწყობის მიზნით დაინერგა „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა უმაღლეს სასწავლებლებში. 32 წარჩინებულ მაგისტრატურის სტუდენტს 1500-ლარიანი სტიპენდია გადაეცა.

სტიპენდიები ვრცელდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა (ჰიდროლოგია), გეოლოგია, ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა და საინჟინრო ეკოლოგია, ეკოლოგია, კონსტრუქციული (გამოყენებითი) გეოგრაფია და გარემოს დაცვა, გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები