LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის პუტინთან ერთად ბრალდებული მარია ლვოვა-ბელოვა

196
ფორტუნა - 2023-03-21T153312.226

17 მარტს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 

შესაბამისი ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა.  

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა კი ჰააგის მოსამართლეებს ტვიტერზე მიმართა:

„პატივცემულო მოსამართლეებო, ყურადღებით უყურეთ ცას“.

რა ვიცით, მარია ლვოვა – ბელოვაზე, რომლის დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ პუტინთან ერთად გასცა

 

 

 

„იცით, რატომ დაარტყა ჰააგამ პუტინს ზუსტად ბავშვების ხაზით და ლვოვა-ბელოვათი? – იკითხა პოლიტიკის ექსპერტმა იულია  ლატინინამ, – იმიტომ, რომ იურისტებისათვის ყველაზე რთული, დანაშაულებრივი ბრძანებების ჯაჭვის გამოვლენა და დამტკიცებაა. აქ კი თავად ქალბატონი მივიდა პუტინთან და ტელევიზიით აჩვენეს, თუ როგორ უბრძანა და მოიწონა ყველაფერი პუტინმა“.

 

17 მარტს ჰააგის ტრიბუნალის განცხადების კომენტირებისას მარია ლვოვა-ბელოვამ აღნიშნა, რომ ტრიბუნალის გადაწყვეტილებას აღიქვამდა თავისი მუშაობის დადებით შეფასებად.

„ძალიან კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დააფასა ჩვენი შრომა მიმართული ბავშვების დახმარებაზე; დააფასეს ის, რომ არ ვტოვებთ ბავშვებს ომის ზონაში, რომ გამოგვყავს ისინი, რომ კარგ პირობებს ვუქმნით მათ და, რომ გარემოცული გვყვანან ისინი მოსიყვარულე მზრუნველი ადამიანებით. ჩემთან მიმართებით იყო სანქციები ლამის ყველა ქვეყნიდან, იაპონიიდანაც კი. ახლა დაკავების ორდერიც გაუციათ, მაინტერესებს, რა იქნება შემდეგ“, – თქვა მარია ლვოვა-ბელოვამ ტელეკომპანია RTVI-სთვის მიცემულ კომენტარში.

ვინ არის მარია ლვოვა-ბელოვა?

მარია ლვოვა ბელოვა  – დაიბადა 1984 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ პენზაში.

2003 წელს მარია ლვოვა-ბელოვამ იქორწინა პროგრამისტ პაველ კოგელმანზე, რომელიც 2019 წლიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელია.

მარიას ხუთი ბიოლოგიური შვილი ჰყავს და რამდენიმე ნაშვილებ ბავშვსაც მეურვეობს. მათ შორის რამდენიმე შშმ პირია.

ერთ-ერთი ბავშვი მან მარიუპოლშიც იშვილა. ამის შესახებ მარია ლვოვა-ბელოვამ ქვეყნის პრეზიდენტთანაც ისაუბრა და პუტინისგან მადლობა დაიმსახურა.

ბავშვი, რომელიც მარიუპოლში იშვილა და რის გამოც პრეზიდენტის შექება დაიმსახურა, ფილიპ გოლოვნია. ის 15 წლისაა და სავარაუდოდ ობოლია. ამ ინფორმაციას რუსულ მედია ავრცელებს. ითქვა, რომ ბავშვმა დედა ბოლოს 11 წლის ასაკში ნახა, თუმცა დამოუკიდებელი წყაროებით არც ეს დასტურდება.

„მე უბრალოდ მივხვდი, რომ ის ჩემი იყო“. – ამბობს ლვოვა-ბელოვა ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

 

ფილიპი მარიუპოლიდან ბავშვთა ჯგუფთან ერთად 2022 წლის გაზაფხულზე გაიყვანეს ჯერ დონეცკში, შემდეგ კი მოსკოვის გარეუბნის სანატორიუმში, სადაც მას რუსეთის ბავშვთა უფლებების რწმუნებული შეხვდა.

ფილიპს რუსეთში მოსწონს – ამტკიცებს ლვოვა-ბელოვა, თუმცა მისივე თქმით,  უკრაინელი ბავშვები ყველანი ერთნაირები არ არიან. „ისინი ნეგატიურად საუბრობდნენ პრეზიდენტ პუტინზე, ამბობდნენ ყველანაირ სისაძაგლეს, მღეროდნენ უკრაინის ჰიმნს, ყვიროდნენ „დიდება უკრაინას“ და მსგავს რაღაცებს“. – განაცხადა მან.

მისივე მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ეს ბავშვები „რუსული ოჯახების მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდნენ, უკრაინელი ბავშვების ნეგატივი, რუსეთისადმი სიყვარულში ტრანსფორმირდა“.

„ჩვენ დავიწყეთ ბავშვებისთვის კითხვის დასმა, „აი, თქვენ ამბობთ, რუსეთი ცუდია, კარგი, დავუშვათ, რომ რუსეთი ცუდია, თქვენ გაქვთ ახლა შესაძლებლობა, რომ დაბრუნდეთ. არც ერთმა ბავშვმა არ გამოთქვა სურვილი, რომ უნდა დაბრუნება. „ჩვენ აქ კარგად ვართ“- ასე გადმოსცა ბელოვამ უკრაინელი ბავშვების განწყობა.

თავდაპირველად ბავშვთა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მეურვეობასთან დაკავშირებით საუბარია არა „ომის ობლებზე“, რომელთა მშობლები დაიღუპნენ და არსებობს მათი ნათესავების პოვნის ალბათობა, არამედ ბავშვებზე, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბავშვთა სახლებში ობლის სტატუსით.

თუმცა მოგვიანებით, თავად ბელოვა ამბობდა, რომ მარიუპოლის „სარდაფებში ნაპოვნი“ დაახლოებით 30 ბავშვი ასევე რუსეთის მეურვეობის ქვეშ მოექცა. უკრაინამ ამ 30-დან რამდენიმე ბავშვის დაბრუნება სცადა, გამომდინარე იქიდან რომ ბავშვებს ჰყავთ კანონიერი მშობლები. თუმცა ბელოვამ უკრაინის მიერ მოყვანილ არგუმენტებს „რაღაც გაუგებარი“ უწოდა და პროცესი ადგილიდან არ დაძრა.

2022 წლის თებერვლიდან ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ლვოვა-ბელოვა პასუხისმგებელია ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების გაყვანასა და რუსეთში მათ „ინტეგრაციაზე“. სწორედ ის მიიჩნევა ამ პროცესის ორგანიზატორად და მთავარ სპიკერად.

მარია ლვოვა-ბელოვა ათიათასობით უკრაინელი ბავშვის რუსეთში დეპორტაციის ძალისხმევისათვის, შეტანილია ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და აშშ-ის სანქციების სიაში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გასული წლის მიწურულს განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინიდან დეპორტირებული ჰყავს 13 ათასზე მეტი ბავშვი და რომ ამით „რუსეთი უკრაინის მომავალს იპარავს“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები