LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის საბავშვო ბაღის აღმზრდელი, რომელმაც მთელი თბილისი მოხატა

1103
მაიკო

ქალაქის ქუჩებში, სადაც შეიძლება, ფერად კედლებს გადააწყდეთ, ბევრი მათგანი ახალგაზრდა ხელოვანის, მაკა ბეგიაშვილის შექმნილია. მას 80-მდე კედელი აქვს მოხატული. საკუთარ თავში ხატვის ნიჭი, 16-17 წლის ასაკში აღმოაჩინა.

,,საოცარი ბავშვობა მქონდა. ოჯახში, 10-11 წლით უფროსი და-ძმა მყავს. ყველაზე პატარა ვარ და სულ მათამამებდნენ. ხატვა ერთი მხატვრის ოჯახში ვისწავლე, იდა ერქვა. საოცარი ქალი იყო. სახელოსნო ნუცუბიძეზე, მეჩვიდმეტე სართულზე ჰქონდა. დღეში ოთხი-ხუთი საათი ვიჯექი, ყველაფერს ვეცნობოდი და გულდასმით ვსწავლობდი”.

მაკა ბეგიაშვილის ისტორია, ხელოვნების სამყაროში..

ფიქრებში, მუდმივად რაღაც ახალს ვქმნიდი. მკერავთან მივდიოდი და ვუხსნიდი, რა მსურდა. ერთხელ ჩექმებიც შევაკერინე და მოვახატინე. შემდეგ კი, ჩემი იდეები რომ უკეთ გადმომეცა, თავად მომინდა ხატვა. ვერ აღვწერ, რამდენად დიდი სურვილი მქონდა. როცა შევძელი და პირველი ნამუშევარი დავასრულე, უბედნიერესი ვიყავი.

ძირითადი მიმართულება…

უნივერსიტეტი, ტანსაცმლის მოდელირებისა და დიზაინის მიმართულებით დავამთავრე. ასევე, სახვითი ხელოვნების პედაგოგიკა. დროთა განმავლობაში ჩემი სურვილები იცვლებოდა. მაგალითად, დღეს აბსტრაქტული ნახატები მომწონს, მაგრამ ვიცი, არც ეს გაგრძელდება დიდხანს. მუდმივად ვიცვლები. სიახლეები ძალიან მიყვარს. ეს სფერო იმდენად მრავალფეროვანია, თითქოს მეც სულ ძიებაში ვარ.

პირველი ნამუშევარი…

ეს იყო, ,,გოგონა შავი კაბით”, ძალიან მიყვარს, თუმცა, დღეს რომ ვუყურებ, მეცინება.

მუზა…

ცოტა უცნაურია, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება, თავისი ცუდი და კარგი თავგადასავლებით, ჩემი მუზაა.

რა დროს ანდომებთ ერთ ნამუშევარს?

ამჟამად, ძალიან დატვირთული ვარ. საბავშვო ბაღში ვმუშაობ, შემდეგ, მოსწავლეებთან მივდივარ, ამ ყველაფერთან ერთად კედლებს ვხატავ.

რას გადმოსცემთ ნახატებით?

ჩემი ნახატები, ცხოვრების ხალისს, სითბოს და სიყვარულს გადმოსცემს. მინდა, რომ მათი მნახველი ყველაზე დიდი ემოციით შეივსოს. ბედნიერება, ღიმილი და გულში ჩაღვრილი სითბო მსურს მათ სახეზე.

რომელია თქვენი საყვარელი ფერი და ზოგადად, რისი გადმოცემა შეუძლიათ მათ?

ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა იასამნისფერი, თუმცა არასოდეს არაფერი მქონია. თუ რაიმეს ყიდვას გადავწყვეტდი, შავს ვყიდულობდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩემთვის სიტყვა ბედნიერება იასამნისფერია და შავი – სიძლიერე. რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, ჩემი ნახატები ისეთი ფერადია, ვერავინ იფიქრებს, რომ შავი შეიძლება, ასე მიყვარდეს.

ამას დარწმუნებით გეტყვით, რომ ფერებს ბევრი ემოციის და გრძნობის გაღვიძება შეუძლიათ – სიხარულის,  მოფერების, სიყვარულის, ასევე მონატრების და დარდის გამოხატვა.

როგორი გარემო უნდა იყოს, რომ დახატოთ და კომფორტულად იმუშაოთ?

რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ხმაური უნდა იყოს. ამ დროს განსაკუთრებული იდეები მომდის. მარტო ყოფნა არ მიყვარს, თუმცა რაიმე ნივთის უადგილობამ შესაძლოა, ყურადღება გამიფანტოს, ამიტომ აუცილებელია, გარშემო ყველა ნივთი მოწესრიგებული და დალაგებული იყოს.

ვინ არის თქვენი საყვარელი მხატვარი?

მიყვარს კლიმტის, დეგას შემოქმედება, კლიმტის ოქროს ხანა, ფერები. დეგას საოცარი ბალერინები, სასწაული გადმოცემა მოძრაობების, ელენე ახვლედიანის პეიზაჟები, ნინო ჩაკვეტაძის განსაკუთრებული სითბო ნახატებში, რუსუდან ფეტვიაშვილის საოცარი შემოქმედება. აი ასე, ყველა შემიძლია დავასახელო, თითოეულში რაღაც მიზიდავს.

როდიდან დაიწყეთ კედლების მოხატვა?

სამი წლის წინ დავიწყე. ერთმა შემოთავაზებამ, კეთილმა სიტყვამ და გულმა კედლები მომახატინა.

ქალაქში სად შეიძლება თქვენს ნამუშევრებს წავაწყდეთ?

არის, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კედლები, – სამგორში, ორთაჭალაში, გლდანში, საბურთალოზე, რუსთავში, ფონიჭალაში, ნახალოვკაში და ა.შ.

როდესაც ნამუშევარს ასრულებთ, როგორია თქვენი ემოცია?

ამ ბოლო დროს, სულ კედლებს ვხატავ. ხანდახან მგონია, რომ ჩემი დახატული არ არის. სიამაყის გრძნობა მეუფლება და ბედნიერი ვარ, მაგრამ გული მწყდება ხოლმე, არ მინდა რომ ვტოვებ სადღაც ჩემს გარეშე. მგონია, რომ მარტო დარჩნენ, სცივათ, სიბნელეში არიან. გიჟური აზრები ამეკვიატა. ისინი ჩემთვის ცოცხლები არიან, სუნთქავენ და ალბათ, ამიტომ განვიცდი განსაკუთრებულად.

რა არის თქვენი ოცნება…

ძალიან მინდა, რომ კორპუსი მოვხატო. სადღაც, სიმაღლეზე ვიყო დაკიდებული და ნახატს ისე ვასრულებდე. კიდევ, ყველა ქვეყნის მუზეუმები მოვიარო. მსურს, რეალურად საათობით დავტკბე თითოეული მხატვრის ფუნჯის მოსმით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g