LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ დაემუქრა ახალ წელს ნოდიკო ტატიშვილს – „წელს თუ არ გათხოვდა, ფეხებში დაგლეწავო…“

242

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი 7 წელია ახალ წელს სცენაზე ხვდება. ასე იქნება წელსაც, ის საახალწლო კონცერტზე სალომე ბაკურაძესთან ერთად იმღერებს. თავისი ოჯახის საახალწლო ტრადიციების შესახებ ნოდიკო „ფორტუნას“ ესაუბრა.

ნოდიკო:

ბავშვობაში ოჯახის წევრები ერთად ვიკრიბებოდით, სადღეგრძელოს ვამბობდით და გემრიელი კერძებით სავსე სუფრასთან ვხვდებოდით ახალ წელს. მოდიოდა მეკვლე, მეორე ან მესამე დღეს ჩვენ მივდიოდით სტუმრად. „ჯეოსტარში“ გამარჯვების შემდეგ ახალ წელს ყოველთვის სცენაზე ვხვდები ან სცენასთან. წინა წელს, ერთ-ერთ სასტუმროში ვიყავით შეყუჟულ მომღერლებს, 12 საათისთვის შამპანური მოგვართვეს, მე და სოფო გელოვანი ყავას ვსვამდით და ვერც აღვიქვით, ისე შემოვიდა ახალი წელი. მომწონს, მომღერალი ახალ წელს სცენაზე რომ ხვდება და საკუთარი წვლილი შეაქვს განწყობის ამაღლებაში. წელსაც ასე მომიწევს, ცენტრალურ საახალწლო ღონისძიებაზე შევხვდები 2017 წელს სალომე ბაკურაძესთან ერთად.

როგორც ამბობენ, კომპოზიტორებმა დაწერეს ახალი სიმღერები და თავად გადაწყვიტეს, ვინ შეასრულებდა მათ ახალ ნამუშევარს, თქვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა?

კომპოზიტორსა და მომღერალს ერთად უნდა გაუჩნდეთ ამის სურვილი. როცა მომღერალი მოუსმენს სიმღერას, ხვდება, არის თუ არა მისთვის ემოციური. ამ შემთხვევაში დაემთხვა სურვილები, ზუსტად ვიცი, ჩვენი დუეტი გაჰიტდება. სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ კომპოზიტორს, მაგრამ მის მიერ შექმნილი სიმღერები ყოველთვის პოპულარულია.

გამოითქვა მოსაზრება, რომ ახალ წელს ჰიტები უნდა შესრულდეს, ეთანხმები ამას?

ვერ მივადევნე ყურადღება საახალწლო ციებ-ცხელებას. ყველას საკუთარი შეხედულება აქვს და ეს გასარჩევი არ არის.   ეს კონცერტი ჩემთვის მისაღებია, მე და სალომეს ძალიან გვიხარია, რომ დადებითი ენერგეტიკით გამსჭვალული სიმღერაა, თავიდანვე დაიმახსოვრებს მსმენელი და სხვა კონცერტებზე ჩვენთან ერთად იმღერებს.

ისევ შენი ოჯახის საახალწლო ტრადიციებს დავუბრუნდეთ, თოვლის ბაბუას მოჰქონდა საჩუქრები?

მოდიოდა და მაგარ საჩუქრებს მჩუქნიდა, ტანსაცმელს, მანქანებს და ა.შ.  მთელი ოჯახი იყო ამაში ჩართული და წყვეტდნენ, როგორ გავეხარებინეთ. ამ სურვილების ასრულებაში კი თოვლის ბაბუაც ეხმარებოდათ. საოცრებებს არ ვთხოვდი თოვლის ბაბუას, სათამაშო მანქანას ან თოფს ვთხოვდი, რაც ბავშვს ახარებს. მე მჯერა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს.

ნაძვის ხეს ვინ აწყობს შენს ოჯახში?

ადრე მეხალისებოდა, მე და ჩემი ერთად ვაწყობდით ნაძვის ხეს. ახლა ფიზიკურად დრო აღარ მრჩება ამისთვის. ამ საქმეს მთელი ოჯახი აკეთებს. წელს ახალი ნაძვის ხე უნდა ვიყიდოთ. ტრადიცია გვაქვს ასეთი, ოჯახის ყველა წევრი ახალ სათამაშოებს ვყიდულობთ და მწვანე ფერი არც რჩება ნაძვის ხეზე.

მეკვლედ ვის ირჩევთ ხოლმე?

მეკვლეს დიდი ხანია ვეღარ ვარჩევ. მე მეპატიჟებიან მეკვლედ, კარგი ფეხი მაქვს. ერთ ჩემს მეგობართან დავდივარ მეკვლედ, ერთ წელს ახალი სახლი იყიდეს, მეორე წელს მანქანა და ყოველი წელი უკეთესი იყო. ერთ ჩემს მეგობართან როცა მივედი მეკვლედ, დედამისმა მითხრა, წელს თუ არ გათხოვდა, ფეხებში დაგლეწავო. მე ვუთხარი, წელსაც თუ არ გათხოვდება, მე მოვიყვან ცოლად-მეთქი. 38 წლის იყო მაშინ ჩემი მეგობარი, ულამაზესი გოგო, ვიცოდი, როცა მოუნდებოდა, მაშინ გათხოვდებოდა. როცა ავედი მეკვლედ, ზუსტად სამ დღეში გაიცნო მომავალი მეუღლე, სამ თვეში ორსულად იყო და ჩემს დაბადების დღეზე შვილიც გაუჩნდა. ჩემს ოჯახში ხან მე ვიყავი მეკვლე, ხან ჩემი კარის მეზობელი ვიქტორ მარგველაშვილი. უცხო მეკვლედ მოსვლას როგორ გაბედავს?

საახალწლოდ სურვილებს თუ წერ ფურცელზე?

არა, ეგ არ გაგვიკეთებია. ჩვენ შობას, ახალ წელს და აღდგომას სანთელს ვანთებთ, გვჯერა, თუ რამეს შევთხოვთ ღმერთს, აგვიხდება.

როგორ შეაფასებ განვლილ 2016 წელს?

2016 წელი კარიერის თვალსაზრისით იყო ძალიან კარგი, მაგრამ ბაბუა გარდაიცვალა და ეს იარა არ მომიშუშდება არასდროს. ბევრი წარმატება ვერ შევირგე ამ სევდის გამო. მეორე დისკზე დავასრულე მუშაობა.  მე მჯერა, თუ მოვინდომებ, 2017 წელი უკეთესი იქნება. რამდენიმე წლის წინ დავიჯერე, რაღაც გულით თუ გინდა, აუცილებლად გამოვა. როცა პატარა ვიყავი და პირველად ვიმღერე ფილარმონიაში, ჩემი ნატვრა იყო, სოლოკონცერტი მქონოდა ამ დარბაზში, 25 წლის ასაკში ეს ნატვრა ამიხდა. სოლოკონცერტი ჩავატარე, სავსე იყო დარბაზი.

მინდოდა, ჩემი სახელი საზღვრებს გარეთ გამეტანა და „ევროვიზიაზე“ გავედი. ერთადერთი პრიზი აქვს საქართველოს დიდების ევროვიზიაზე, მე და სოფო გელოვანი გავხდით პრესის რჩეული. ამ პრიზს, როგორც წესი, გამარჯვებულს აძლევენ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სხვანაირად მოხდა. ბევრი შრომა და სუფთა ნაბიჯები არის საჭირო მიზნის მისაღწევად. მთავარია, გიყვარდეს და ზუსტად იცოდე რაც გინდა.

რა გეგმები გაქვს 2017 წელს?

იანვარი ჩემთვის დატვირთულად იწყება. 24 იანვარს შტუტგარტში, 28 იანვარს კარლსრუეში, ხოლო 29-ში მიუნხენში მაქვს კონცერტები. მაქვს პატივი, ჩავიდე ქართველ ემიგრანტებთან და ისინი რამდენიმე საათით დავაბრუნო საქართველოში. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში, რადგან საქართველოში ოჯახები უზრუნველჰყონ. ემოციურია მათთან შეხვედრა, დიდ სიყვარულს და მონატრებას ვკითხულობ მათ თვალებში. გერმანიის შემდეგ იტალიაში მივდივარ, გაზაფხულზე კი ისევ გერმანიას დავუბრუნდები. გასტროლები არასდროს მაკლია, მაგრამ ეს წელი დიდი საგასტროლო ტურნეთი იწყება, რაც სასიამოვნოა ჩემთვის.

untitled-3

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი“

ფოტო: დათუნა აგასი

თამარ ბოჭორიშვილი

magti 5g