გადაცემის სტუმრები კონკურს „მისტერ და მის თბილისის“ აღმასრულებელი დირექტორი კახი ხაბეიშვილი, ორგანიზატორი თათა ლემონჯავა და გამარჯვებულები – ანი გაბლაია და ირაკლი ბეჟაშვილი იყვნენ.
– კახი, რამდენად კმაყოფილი ხარ კონკურსით?
– ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა ჩვენი კომპანიის სახელით ყველას, ვინც მასში მონაწილეობდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა ბოლო მომენტს თუ არ ჩავთვლით, ამაზე ბოლოს ვისაუბრებთ. მადლობა სპონსორებს, ჟიურის და მხარდამჭერებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებ.
– თათა, შენ რას გვეტყვი?
– კმაყოფილი ვარ, მიყვარს ეს პროექტი და დიდ შრომას ვდებ, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს. გამარჯვებულები ჩემი ერთ-ერთი ფავორიტები იყვნენ და მიხარია, რომ ჩემი და ჟიურის გემოვნება ერთმანეთს დაემთხვა. იყვნენ სხვა არაჩვეულებრივი მონაწილეებიც, მაგალითად, „ვიცე-მის თბილისი“.
– შენი აზრით, რატომ იყო მსურველების დიდი რაოდენობა?
– ალბათ პრიზების გამო. ავტომობილი გადაეცემოდა გამარჯვებულ გოგონას და საგზური ევროპაში – ბიჭებს.
– ირაკლი, როგორია განწყობა?
– არაჩვეულებრივი, გახარებული ვარ, რომ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მინდოდა. იყვნენ ღირსეული კონკურენტები და კმაყოფილი ვარ ჟიურის გადაწყვეტილებით.
– რატომ გადაწყვიტე კონკურსში მონაწილეობა?
– მოდელობა მინდა და ჩემი აზრით ეს კონკურსი ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ამ სფეროში. მანამდე „მისტერ ვალენტინში“ მივიღე მონაწილეობა და „ვიცე-მისტერ ვალენტინი“ გავხდი.
– რამდენი წლის ხარ და რას საქმიანობ?
– 18 წლის ვარ და შავი ზღვის უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ.
– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ამ ტიტულის მერე?
– ფეისბუქზე მეგობრების რაოდენობამ ერთ ღამეში საგრძნობლად იმატა, ქუჩაშიც მეტ-ნაკლებად მცნობენ.
– ანი, როგორია შენი განწყობა?
– ძალიან ბედნიერი ვარ და უზომოდ გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ გამარჯვებული ვიყავი.
– რა შეცვალა ამ კონკურსმა?
– უფრო თავდაჯერებული გავხდი.
– რას საქმიანობ?
– სკოლას ვამთავრებ და ვემზადები გამოცდებისთვის.
– შეყვარებული გყავს?
– კი, მყავს.
– იცი თუ არა, რა გევალება ამ ერთი წლის განმავლობაში?
– რა თქმა უნდა ვიცი. ორგანიზატორები რა მიმართულებასაც მომცემენ, ყველაფერს გავაკეთებ.
– კახი, რა ევალებათ „მისტერ და მის თბილისის“?
– პირველ რიგში ის, რომ მიღებული პრიზები რჩებათ მათ და არ შეიძლება გასხვისება, გაჩუქება. გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში, ფოტოსესიებში, ჩვენებეში და ა.შ. ამაზე სააგენტომ უნდა იზრუნოს, ვეცდებით, გავცდეთ საქართველოს ფარგლებს.
– გარკვეული სკანდალი დაფიქსირდა კონკურსის ბოლოს, რა მოხდა უფრო კონკრეტულად?
– გამარჯვებულის გამოსავლენად დავა დიდხანს გაგრძელდა, ასევე მთავარი პრიზის გარდა იყო სხვა ნომინაციებიც, შესაბამისად საკმაოდ დიდი დრო იყო საჭირო დასრულებამდე. ანის გარდა, იყო კიდევ ერთი გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც ფავორიტად მიიჩნეოდა. წარმოიქმნა აზრთა სხვადასხვაობა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული გამოვლინდა, თუმცა მოხდა ცუდი ფაქტი, რაც დეკემბერში „მის სამყაროზეც“ დაფიქსირდა.
– ამბობენ, რომ გარკვეული თანხა გადაგიხადეს…
– მე არ ვისმენ იმ ადამიანების აზრს, ვინც ასე ლაპარაკობს, რადგან რაც ამ სფეროში ვარ, არასოდეს მიკერძოებული არ ვყოფილვარ. ამ თემაზე არც ვილაპარაკებდი, მაგრამ რადგან არის ეჭვი, ვპასუხობ.
– ირაკლი, რას საქმიანობენ შენი მშობლები?
– დედა მასწავლებელია და მამა ბუღალტერი.
– ანი, შენი მშობლები რას საქმიანობენ?
– დედაჩემიც მასწავლებელია და მამა მაღაზიის მენეჯერი.
– კახი, კრიტერიუმებზე ვისაუბროთ. რა არის კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო?
– როდესაც ამ პროექტის შეფუთვას ვიწყებთ, აუცილებელია ვიზუალური კრიტერიუმები, გემოვნება, ჩაცმულობა. ამ ყველაფრის მერე, როდესაც იცხრილება მაქსიმალურად რჩება საუკეთესო. აქ მარტო გარეგნობა არ იგულისხმება, მცირე დოზებით ყველაფერი საჭიროა. მე ვთვლი, რომ წლევანდელი კონკურსი წარმატებით ჩატარდა და ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც მასში მონაწილეობა მიიღო.
რაც შეეხება ჭორებს, ის ყოველთვის იქნება და ეს ბუნებრივიც არის.
– წარმატებებს გისურვებთ.