LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შეძლებს სესხის ლარში გადატანას?

93

2015 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკების მიერ აშშ დოლარით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირების სესხების გალარების პროგრამა იწყება.

ეროვნული ბანკი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს სესხების გალარება და რა პროცესებს მოიცავს.

 

“პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე;

პროგრამა არის ერთჯერადი სოციალური პროექტი. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.

მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას.

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას.

პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას.

სესხების გალარება ნებაყოფლობითია.

ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები.

მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს”, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

 

ეროვნული ბანკის ცნობით, სუბსიდირება ეხება 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, ფიზიკური პირის აშშ დოლარის საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არა უმეტეს 100 ათასი ლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს.

სესხების გალარების პროგრამა 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და 2 თვე გაგრძელდება.

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას რა კურსით მოხდება სესხის გალარება? ამაზე ეროვნული ბანკის პასუხი ასეთია:

სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.5 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.3 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ამასთან მსესხებელს სესხის გალარება იმ ბანკში შეეძლება, რომელიც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს.

ამ პროგრამის ფარგლებში მოხვედრილი სესხებისთვის წინმსწრებით დაფარვის საკომისიო გაუქმდება. დოლარის გარდა, სხვა ვალუტაში აღებულ სესხებს სუბსიდირება არ შეეხება.

სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები, შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.