3 თვით: 200 კვ/სთ ელექტროენერგიასა და 200 მ3 გაზის გადასახადზე შეღავათებია: წყლის და დასუფთავების
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სახელმწიფო სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს კომუნალური გადასახადის ხარჯებს.
ამის შესახებ საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. გარდა ამისა, სრულიად საქართველოს მოსახლეობას დაუფინანსდება დასუფთავებისა და წყლის საფასურიც, იგივე პერიოდის განმავლობაში.
„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადი. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე. გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.