“ლელო საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის 15 სამხედრო ტყვის გადაცემას ეხმიანება და პროცესში საქართველოს ჩართულობას დადებითად აფასებს.
ნაცვლიშვილი სურვილს გამოთქვამს, რომ მშვიდობიანი და უკეთესი კავკასიისთვის და არამხოლოდ კავკასიისთვის, საქართველოს როლი რეალურად მზარდი, პრინციპული და ხელმშემწყობი იყოს:
“პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა გაცვლა, ყველა ამ ადამიანს და მათ ქვეყანას ვულოცავ ამ ადამიანების სახლში მშვიდობიანად დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული იყო ქართული მხარე და ეს პროცესი წარმატებით დასრულდა.
ვისურვებდი, რომ ეს მაგალითი არ დარჩეს გამონაკლისად და რომ რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთი მხრივ, როგორც მშვიდობის ხელმშემწყობმა სახელმწიფომ, ასევე დემოკრატიის და უზენაესობის სტანდარტში უზენაესობის ტონის მიმცემმა და საერთოდაც, საქართველოს როლი იყოს რეალურად მზარდი, პრინციპული და ხელმშემწყობი მშვიდობიანი და უკეთესი კავკასიისთვის და არამხოლოდ კავკასიისთვის.” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. სომხეთმა კი აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით გაათავისუფლა.