საქართველოში კორონავირუსის ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო და ვითარება უარესდება, – ამის შესახებ ამირან გამყრელძემ განაცხადა.
“მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მილიონ ადამიანს, ვინც აცრილია და აღვნიშნო, რომ სულ მცირე კიდევ ამდენი ადამიანი უნდა აიცრას, რომ ახალი წელი მშვიდობიანი გვქონდეს” – აცხადებს გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამის შესახებ კავთისხევში განაცხადა, საიდანაც დღეს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს ვაქცინაციის მარათონში ჩართული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს.
გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა მხოლოდ იმიტომ იყო, რომ დღეს ორშაბათია და კვირას ნაკლები ლაბორატორიული კვლევა ტარდება.
“დადებითობის მაჩვენებელი და რეპროდუქციის ინდექსი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც მიუთითებს, რომ ინფექცია სწრაფად ვრცელდება” – აღნიშნავს გამყრელიძე
თუ რითია შესაძლებელი ახალი ტალღის შეჩერება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით არის რამდენიმე ინსტრუმენტი.
“ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არის აცრა. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მილიონ ადამიანს, ვინც აცრილია და აღვნიშნო, რომ სულ მცირე კიდევ ამდენი ადამიანი უნდა აიცრას, რომ ახალი წელი მშვიდობიანი გვქონდეს. მარათონის დანიშნულებაც ეს არის, რომ ამ დიდ სოფლებში, სადაც ცხოვრობს 160 ათასი ადამიანი, გვქონდეს მაქსიმალური მოცვა.
ჩვენ ვაწარმოებთ ყოველდღიურ სტატისტიკას და ამით კარგად ჩანს, რომ საავადმყოფოში ვინც წევს, მათგან 95% აუცრელია, რეანიმაციაში მყოფთა 98% აუცრელია, სადაც გამოსავალი ცუდია და დგება გარდაცვალების ფაქტი, 98% მათგან აუცრელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.