LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიყიდით, გავაკეთებთ – სულ ეს გვესმის, დაიღალა ხალხი… სად არის მასობრივი ტესტირება, ასე დააგვიანა იტალიამაც”

165
test 2

სანამ მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლის სამომავლო გეგმებზე საუბრობს, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. უკვე ოფიციალურად გვითხრეს, რომ ჯანდაცვის სისტემა მაქსიმუმ 1200 პაციენტს მიიღებს, ამაზე მეტს ექიმები ვეღარ მოუვლიან.

ისევ პასუხგაუცემელია შეკითხვა – რატომ არ იწყება მოსახლეობის მასობრივი ტესტირება და სად არის დაპირებული სწრაფი ტესტები. მათი ნაწილი, როგორც ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ითქვა, ქვეყანაში შემოსულია, მაგრამ, როგორც ჩანს, არასაკმარისი. ფაქტია, რომ ჯერჯერობით რიგით მოქალაქეებს ეს ამ ეტაპზე არ შეხებიათ, თუ არ ჩავთვლით 1000 გახარჯულ ტესტს მარნეულში მცხოვრებ პირებზე. არადა, ექსპერტები ამბობენ, რომ მაგ. სამხრეთ კორეაში, ქუჩაში აჩერებდნენ მოქალაქეებს და ანალიზს ასე უღებდნენ. ამან კი სპეციალისტების თქმით, მდგომარეობა შეამსუბუქა. ამ დროისთვის მხოლოდ ის მიზნობრივი ჯგუფები ვიცით, ვისაც ტესტი ჩაუტარდება, მათ შორის სამედიცინო პერსონალის, პოლიციის გარდა, სასულიერო პირებიც მოხვდნენ.

ეკატერინე ტიკარაძემ ერთი კვირის წინ ანუ 8 აპრილს ისიც თქვა, რომ რომ იგეგმება 200 ათასი სწრაფი ტესტის შემოტანა. როდის – კვლავ არ ვიცით.

რადიო “ფორტუნა” ჯანდაცვის ექსპერტებს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანა და რატომ იწელება დროში ეს პროცესი.

როგორც ვატო სურგულაძემ გვითხრა, პრობლემა მთავრობის წევრებს შორის დისკოორდინაციაა. 

“საჭიროა კრიზის მენეჯერი, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და შესრულდება. საგანგებო მდგომარეობაში ვართ, ყველაფერი სწრაფად უნდა მოხდეს.  ჩვენ ვიყიდით… გავაკეთებთ… დაიღალა მოსახლეობაც. უნდა იყოს ასე: ვიყიდეთ, გავაკეთეთ! ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტი.

პირველ რიგში ეს უნდა იყოს სამედიცინო პერსონალი, აფთიაქის თანამშრომლები, სამხედრო პირები, პოლიციელები, ყველა , ვინც წინა ხაზზეა. ასევე ტესტი უნდა ჩაუტარდეს ყველა იმ ადამიანს, ვისზეც არსებობს ეჭვი. მე მინდა და ტესტი გამიკეთეთ – ასე არ უნდა იყოს. თუ არსებობს ეჭვი, არ უნდა დავაგვიანოთ და არ უნდა ველოდოთ სიტუაციის გამწვავებას, რათა არ მოხდეს, რაც აჭარაში იყო.  (იგ. ე.წ. ქობულეთის კლასტერი). ქობულეთში რაც მოხდა ეს სამედიცინო პერსონალის პრობლემაცაა, ისინი არ არიან გადამზადებულნი, განსაკუთრებით რეგიონებში”, – აცხადებს ექსპერტი.

ჩინური კომპანიის სწრაფი ტესტი, რომელიც ევროპაში დაიწუნეს, საქართველოში არ გვაქვს

მინისტრი ამბობს, რომ კომპანია "ბი-ოს"-თან ხელშეკრულება ანულირებულია.

ვატო სურგულაძე ევროპის მაგალითებზეც საუბრობს, რომ მაგ. იტალიასა და ესპანეთში სწრაფი ტესტები დააგვიანეს, განსხვავებით გერმანიისა და სხვა ქვეყნებისგან.

“გვახსოვს სამხრეთ კორეაში როგორ სწრაფად მოხდა ამ ტესტების გამოყენება. მანქანებს აჩერებდნენ და ყველას უღებდნენ ანალიზს, იგივე გააკეთეს ისლანდაიში. ჩვენ ამის არც საჭიროება გვაქვს და არც საშუალება, მაგრამ გავამახვილოთ ყურადღება იმ ადამიანებზე, ვინც მუშაობს წინა ხაზზე”. 

რადიო “ფორტუნა” კიდევ ერთ ექსპერტს ესაუბრა. სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ დღეს რეალური სურათი არ გვაქვს, რა ხდება ქვეყანაში, რადგან დღეში სულ რამდენიმე ანალიზს ვაკეთებთ და პასუხის შესაბამისია. “რომ ვაკეთებდეთ დღეში 1000 ტესტს, სხვა შედეგები გვექნებოდა”.

“ტესტირებისა და დიაგნოსტიკის გაფართოებაზე საუბარი დიდი ხანია დაწყებულია სპეციალისტების მიერ. 10 მარტიდან ამაზე ვსაუბრობთ ყველა, რომ საჭიროა, მაგრამ სწრაფ ტესტებს ვინ დაეძებს, PCR ტესტებიც არაა საჭირო რაოდენობით. წრაფ ტესტებზე და კარგ ცხოვრებაზე აღარც ვსაუბრობთ. თავიდან 3000 იყო მარაგი, მერე 1000 დაემატა, მერე თქვა მინისტრმა, რომ 2000 გვაქვს მარაგი. ანალიზები შეზღუდულად იმიტომ კეთდება, რომ დიაგნოსტიკის საშუალება არ გაქვს.

მთავრობა და მასთან დაახლოებული ზოგიერთი სამედიცინო პერსონალი ხიბლშია ხოლმე ჩავარდნილი. მინდა გითხრათ, რომ სხვა ქვეყნებში, დღეს რომ ათასობით ინფიცირებულია, პირველი 4-5 კვირის განმავლობაში, იქაც ისეთივე მაჩვენებელი იყო, როგორც ახლა ჩვენთანაა.

ჩვენ არ ვიცით ქვეყანაში რეალური სურათი, დღეს 1000 ტესტს რომ ვაკეთებდეთ, სულ სხვა შედეგები გვექნებოდა. ცოტას ვაკეთებთ და შემთხვევებიც ცოტაა. 2 თვეზე მეტი გავიდა პირველი შემთხვევის გამოვლენიდან და ისევ გვესმის: დავიწყებთ ხვალ ამას, გადამზადებას, ტესტების შემოტანას.

არც ტრენინგებს ვატარებთ დროულად, არც სადიაგნოსტიკო საშუალებები არაა, არც ექიმებისთვის საჭირო აღჭურვილობის მარაგი გვაქვს, ახლა გავიგეთ, რომ დასახმარებლად ნატოს მიმართა ჩვენმა მთავრობამ, ანუ ბევრი კითხვაა. ვშიშობ, რომ ბევრი პრობლემა გვექნება”, – ამბობს სერგო ჩიხლაძე.

 

magti 5g