ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ფიქსირდება „მოწამვლისა და კიბერთავდასხმების ფაქტები, მათ შორის ნატოს წევრების წინააღმდეგ და ეს არის ის, რამაც რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია“.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს და რუსეთის ურთიერთობები ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, თუმცა ალიანსს რუსეთთან დიალოგის გაგრძელება სურს.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საკუთარი მეზობელი ქვეყნების – უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, მოწამვლის ფაქტებს, ასევე კიბერ თავდასხმებს, მათ შორის ნატოს წევრების წინააღმდეგ და ეს არის ის, რამაც რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია.
ჩვენი ურთიერთობები „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მაგრამ ნატო ადაპტირებს, რეაგირებს, ჩვენ განვამტკიცეთ კოლექტიური თავდაცვა და გავზარდეთ თავდაცვის დაფინანსება და განვაგრძობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას და ჩვენ ამას იმ გადაწყვეტილებების საშუალებით განვახორციელებთ, რასაც დღეს „ნატო 2030“-ის დღის წესრიგის ფარგლებში მივიღებთ.
ასევე გავაგრძელებთ რუსეთთან დიალოგის მცდელობისკენ სწრაფვას და დიალოგი არ არის სისუსტის ნიშანი. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ პუტინს შეხვდება“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.