რუსეთის პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეს აიცრება.
როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინი რუსული წარმოების სამი ვაქცინიდან დღის ბოლომდე ერთ-ერთს გაიკეთებს.
პესკოვის თქმით, ამ ეტაპზე არ ასახელებენ იმ ვაქცინას, რომლითაც ქვეყნის მთავარი პირი აიცრება, რადგან თითოეული ვაქცინა უსაფრთხო, ეფექტიანი და საიმედოა.
პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს საჯაროდ, კამერების წინ ვაქცინის გაკეთების იდეა არ მოსწონს.
პუტინმა ვაქცინის გაკეთების შესახებ გუშინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ადამიანების პირადი არჩევანია, მიიღებენ თუ არა ისინი ვაქცინას – “სხვათა შორის, ვაქცინის გაკეთებას ხვალ ვაპირებ” – თქვა პრეზიდენტმა.
პუტინმა ვაქცინის გაკეთებაზე მზაობა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაადასტურა.
მან წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაქცინას მაშინვე გაიკეთებდა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდა:
“მე საკმაოდ კანონმორჩილი ადამიანი ვარ. მე ვუსმენ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციებს. რადგან Sputnik V ვაქცინა ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, არც მე მიმიღია ის. მაგრამ ამას გავაკეთებ, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება.” – ამბობდა რუსეთის პრეზიდენტი.
ამ ეტაპზე, ვაქცინაციის პროგრამა რუსეთში სამი ვაქცინის გამოყენებით მიმდინარეობს. ისინი ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული ვაქცინებია – “Sputnik V”, “CoviVac” და “EpiVacCorona”.
“სპუტნიკის” ვაქცინა ამ დროისთვის დაშევბულია 20-ზე მეტ სახელმწიფოში, მათ შორის ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში.