გერმანული ავტო გიგანტი Volkswagen ევროპაში საკუთარი ქარხნების გამოყენებით ჩინური პარტნიორების ავტომობილების აწყობის ან ჩინეთში წარმოებული მოდელების ევროპულ ბაზარზე გამოშვების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა Handelsblatt კომპანიის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს.
კომპანიის ხელმძღვანელის, ოლივერ ბლუმეს განცხადებით, კონცერნის მთავარი მიზანი წარმოების თვითღირებულების შემცირებაა. მისი თქმით, Volkswagen აქტიურად სწავლობს ქარხნების უფრო ეფექტიანად გამოყენების გზებს, მათ შორის ჩინეთიდან ავტომობილების მიწოდებას ევროპაში და ჩინელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ჯერ მიღებული არ არის.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პრიორიტეტად კვლავ საკუთარი მოდელების განვითარება რჩება და არა საწარმოო სიმძლავრეების სრულად გადაცემა პარტნიორებისთვის. პარალელურად, მიმდინარეობს ანალიზი, თუ რომელი ჩინური მოდელები შეიძლება ადაპტირდეს ევროპული ბაზრისთვის.
Volkswagen უკვე წლებია თანამშრომლობს ჩინურ კომპანიებთან – SAIC და FAW-თან ერთობლივი საწარმოების ფარგლებში. ასევე, კონცერნი პარტნიორობს ელექტრომობილების სტარტაპთან Xpeng, რომელიც ევროპულ ბაზარზე გაფართოებას გეგმავს.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, Volkswagen მასშტაბურ ოპტიმიზაციას გეგმავს სავაჭრო ტარიფების ზრდის, გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და მოთხოვნის შემცირების ფონზე. კომპანიის გეგმის მიხედვით, 2030 წლამდე გერმანიაში 50 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი უნდა შემცირდეს.