LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: იმის მიუხედავად, კარასინი გაგახარებთ თუ არა თავის განცხადებით – ჩვენ ვართ ნომერი პირველი სამიზნე, ეს გვახსოვდეს

130
Untitled design - 2022-03-25T182249.850

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გრიგოი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

კითხვაზე, თუ რატომ იწონებს კარასინი “ქართული ოცნების” პოზიციონირებას სანქციებთან დაკავშირებით, ვოლსკი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები რუსეთის ფედერაციაში იმისთვის კეთდება, რომ შემდეგ ამაზე საქართველოში კითხვები დაისვას.

კარასინი: საქართველოს პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით „დაბალანსებული“ იყო… „შეუმჩნეველი არ დარჩება“

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოდან გარკვეული პირების რუსეთში გამართულ შეხვედრაზე ყოფნის ფაქტს და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელით იქ არავინ ყოფილა წარმოდგენილი და კერძო ინიციატივით ჩავიდა რამდენიმე ექსპერტი.

„კარასინი და რუსეთის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, რომელიც მათ სჭირდებათ იმისათვის, რათა მერე თქვენ დასვათ კითხვა ან ნებისმიერმა სხვამ. რაც შეეხება საექსპერტო ჯგუფის იქ მოგზაურობას, რასაკვირველია, მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან ეს არის იმ პრინციპების და ინტერესების წინ გადახტომა, რაც სახელმწიფოს გააჩნია და არც სარგებლიანია და უფრო უარყოფითად შეიძლება იქნას განხილული, თუმცა, მათი დონე არ განაპირობებს რაიმე სახელმწიფო პოზიციის ჩამოყალიბებას, ან ცვლილებას.

რეალურად, შეკითხვა და არგუმენტი – კი მაგრამ, რუსეთის ფედერაცია თუ თბილისს ბომბებით არ ესხმის თავს, ესეიგი თქვენ პრორუსულები ხართ და არ ხართ პროდასავლურები, საკმაოდ უბადრუკი არგუმენტია.

დღეს ასე სჭირდება რუსეთს, ხვალ შეიძლება სულ სხვანაირად დაჭირდეს, მინდა ერთი რამ ვთქვა ყველას გასაგონად, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო უკრაინის შემდეგ არის ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანა სწორედ რუსეთის მხრიდან, იმის მიუხედავად კარასინი გაგახარებთ თავის განცხადებით თუ არა, ჩვენ ვართ ნომერი პირველი სამიზნე, ეს გვახსოვდეს ყველას და ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ საქართველოს, მის საზოგადოებას სამიზნის რეალიზაცია როგორმე თავიდან ავაცილოთ. არსებობს პოლიტიკური ძალები, რომელთა მიზანია, რომ სამიზნედ ვიქცეთ და ამ სიტუაციაში შეიძლება მერე პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს”,- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, თუკი საფრთხეები არსებობს, რატომ არ ტარდება უშიშროების საბჭოს სხდომა გაფართოებულ ფორმატში ან დახურული შეხვედრები, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს, ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის მონაწილეობით მსგავსი შეხვედრების ჩატარება საფრთხეებს მხოლოდ გაზრდის.

“ოპოზიციის როლი ამ შემთხვევაში იმდენად ნეგატიური და დესტრუქციულია, ყოველ შემთხვევაში ძირითადი ძალის, რომელიც უპირისპირდება ნებისმიერ იდეას, წამოწყებას, აზრს და ოპოზიციონერობიდან დესტრუქციულობის აქტიურ ფაზაში გადავიდა, რომ მათთან ერთად თუნდაც, დახურულ ფორმატში საკითხის განხილვა შეიძლება უფრო საფრთხის შემცველი გახდეს და მოამრავლოს საფრთხეები ჩვენს გარშემო. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს სხდომას, მე არ ვიცი, თქვენ რატომ არ კითხულობთ, ტარდება თუ არა ყოველდღიურად ინტენსიური სამუშაო შეხვედრები იმ სტრუქტურების მონაწილეობით, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები არიან, ტარდება მათ შორის, ეკონომიკურ გუნდთან და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს მოსკოვში გაიხსნა ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40-მა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა და მეცნიერმა ორივე მხრიდან, გარდა ამისა, მონაწილეობდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ „გორჩაკოვის ფონდი” და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი. მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი.

როგორც კარასინმა განაცხადა, რუსეთს დასავლეთის მიერ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია „შეუმჩნეველი არ დარჩენია”.

„პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ტრადიციულ მეგობრებს, არსებული ურთიერთობა ხასიათდება ურთიერთდახმარებით. რუსეთი მხარს უჭერს ყველა საკითხისადმი მშვიდ მიდგომას. ვინც ჩვენ გვეპყრობა სამართლიანად და ღიად გველაპარაკება, ის მეგობრად დარჩება”, – განაცხადა კარასინმა.

მან რუსეთ-საქართველოს შესახებ აღნიშნა, რომ „ჩვენს ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g