„გორჩაკოვის ფონდისა“ და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, 24 მარტს მოსკოვში, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი დაესწრო, „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე იმყოფებოდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
„გორჩაკოვის ფონდის“ ინფორმაციით, შეხვედრას დაახლოებით 40 ექსპერტი, პოლიტიკის მეცნიერები და მკვლევრები საქართველოდან და რუსეთიდან, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ კარასინი „პოლიტიკის ქართველ მეცნიერებს შეხვდა“. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ექსპერტები საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მსოფლიო ეკონომიკაში, ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები“.
გრიგორი კარასინის შეფასებით, საქართველოს პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით „დაბალანსებული“ იყო.
კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფაქტი რუსეთში „შეუმჩნეველი არ დარჩება“.
„გორჩაკოვის ფონდის“ ინფორმაციით, კარასინმა ისაუბრა რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე, გააანალიზა 2012 წლის შემდეგ საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელსა და მას შორის გამართული 26 შეხვედრა,
აღნიშნა სავაჭრო ურთიერთობებში მიღეული წარმატებებები, მათ შორის, საქართველოსთვის მოხსნილი შეზღუდვები და თქვა, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას ნათელი მომავალი აქვს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში