“ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი უკვე გადაგზავნილ იქნა შესაბამის დეპარტამენტებში, რომლებმაც კითხვარი უნდა შეიმუშაონ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი განიხილეს.
“სხვა დროს თუ პროცედურები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ახლა, სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში დასრულდება. გამოიგზავნება კითხვარი, რომელიც ქვეყნის შესწავლის და ანალიზის საფუძველს წარმოადგენს. სხვა მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, თუ რამდენად დაჩქარდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დაინტერესებულია საქართველოთი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. რობერტა მეცოლას სახით, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ.