LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვულოცავ ყველას, ვინც სამშობლოს დასაცავად უანგაროდ იმსახურა“ – დღეს, ვეტერანებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

81
Untitled design

დღეს ვეტერანთა დღე აღინიშნება. ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან ყველა ვეტერანს, მთავრობის სახელით, ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე – ვეტერანის დღე და ყველა ვეტერანს, ჩვენი მთავრობის სახელით, გითხრათ მადლობა, თქვენი ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის, ჩვენი სამშობლოს დაცვისთვის, ჩვენი ტერიტორიების დაცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ… არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, არამედ მსოფლიოში მშვიდობის დაცვისთვისაც. ას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ძალიან ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ: ომი აფხაზეთში, სამაჩაბლოში, შემდეგ 2008 წლის ომი… და ჩვენი წარმომადგენლობა მისიებში – კოსოვოში, შემდეგ ერაყში, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში… ჩვენ ასობით ღირსეული პატრიოტი დავკარგეთ ამ ომებში. ამ ომებს ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე შეეწირა. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია, მათი ეს ღვაწლი დავაფასოთ. მათ გაიღეს ყველაზე დიდი რამ, რაც ადამიანს აბადია. ეს არის საკუთარი სიცოცხლე. როდესაც ადამიანი მას საკუთარი ნებით თმობს, რა თქმა უნდა, ეს გმირობაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც განაცხადა, რომ „ვეტერანებმა ერთად დაანახეს საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართული მებრძოლი სული არასდროს შედრკება მტრის წინაშე“.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ათასობით ადამიანის ღვაწლს, გმირობასა და თავდადებას. თქვენი სახით საქართველოს ჰყავს სიმამაცისა და ღირსების ეტალონები, გამორჩეული მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იბრძოლეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად. ქედს ვიხრი თქვენი თანამებრძოლების წინაშე, რომლებიც მამაცურად დაეცნენ ბრძოლის ველზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. თქვენ ერთად დაანახეთ საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართული მებრძოლი სული არასდროს შედრკება მტრის წინაშე, მისი საშუალებებისა თუ რიცხოვნობის მიუხედავად. ძვირფასო ვეტერანები, მოგროვებული ცოდნითა და გამოცდილებით თქვენ სჭირდებით საქართველოს. სამშობლოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მამა დავით ლონდარიძემ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მილოცვა წაიკითხა. 

„ვეტერანთა დღეს ვულოცავ ყველა ომგამოვლილს, ვინც სამშობლოს დასაცავად უანგაროდ იმსახურა. ვინც, დღესაც მზად არის ქვეყნის კეთილდღეობისთვის უშურველად გაიღოს თავისი სულიერი, გონებრივი, თუ ფიზიკური შესაძლებლობები.

ვიცი, რომ მრავალ თქვენგანს ეკონომიურად უჭირს, მაგრამ ამას არ იმჩნევთ. შევთხოვ უფალს, შეჭირვებული ცხოვრება შეგიმსუბუქოთ, მოგცეთ რწმენის ძალა და ღვთის გზაზე დაუბრკოლებელი სვლის უნარი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ!

პატივისცემით,

ილია მეორე

სრულაიდ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი“, – წერია ილია მეორის მისალოც ტექსტში.

ვეტერანთა დღევეტერანთა დღეPosted by საქართველოს მთავრობა on Monday, October 17, 2022

 

magti 5g