დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. კახა კალაძემ გარდაცვლილი ახალგაზრდას ხსოვნის პატივსაცემად თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.
მან უბედურ შემთხვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ნებისმიერი თვითნებური და კუსტარული დაერთება კანონდარღვევაა.
„ძალიან მძიმე ტრაგედია და დიდი უბედურება მოხდა, მთელი გულით ვუსამძიმრებ მოზარდის ოჯახს, რომელიც ორი დღის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ძალიან მძიმე და რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, სიტყვების მოძებნაც კი. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, მართლაც ძალიან მძიმე შემთხვევაა და კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ ოჯახს. მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დათუნა ჟღენტის ოჯახს!
პირველადი მონაცემებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სახელდება ფანჩატურში თვითნებურად, კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი კუსტარული დაერთება, თვითნებობა, არის უკანონო. არავის აქვს უფლება, შესაბამისი ნებართვისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, აწარმოოს მსგავსი ტიპის სამუშაო. მე არ მინდა წინასწარ რაიმე განცხადებები გავაკეთო, რასაკვირველია, გამოძიება მუშაობს და კითხვას გაეცემა პასუხი.
მინდა გითხრათ ერთი რამ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ დასასვენებელ პავილიონში, ე.წ. ფანჩატურში ელექტრო ხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა და მისი დაერთება მოხდა თვითნებურად. ასევე, ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ფანჩატურებში, არც ერთ სივრცეში, აღნიშნულ პავილიონებს და ფანჩატურებს არ აქვს ელექტროენერგიის წყარო.
არის რამდენიმე საქალაქო მნიშვნელობის პარკი, სადაც საჭადრაკო სივრცეებია და ამ სივრცეებში არის დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობები. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ფანჩატურებში ელექტრო გაყვანილობა არ იყოს გაკეთებული“, – განაცხადა კალაძემ.
„სამუდამოდ ჩვენს გულებში იქნები დათუნა, იმ ქვეყნად ერთად ვითამაშებთ კალათბურთს და ერთად გავიმარჯვებთ“ – წყნეთში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს თანაგუნდელები ემოციურ პოსტს უძღვნიან
საკალათბურთო კლუბი „ქარი • B.C. Qari“, რომელშიც წყნეთში ტრაგიკულად დაღუპული დათუნა ჟღენტი თამაშობდა, მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება.
მან ასევე ტყუილი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ტრაგიკული შემთხვევა უკავშირდება ვაკის რაიონის გამგეობის მიერ დაწყებულ გამწვანების სამუშაოებს.
„ეს არის სრული ტყუილი და ცილისწამება. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული სივრცე წლების განმავლობაში მიგდებული იყო და ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნოდ დავპირდით, რომ იქ მოეწყობოდა სკვერი, მოეწყობოდა სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ადამიანებს დაესვენათ, განტვირთა შესძლებოდათ, ევარჯიშათ და ა.შ. ის, რომ, თითქოს, სამუშაოების გამო მოხდა მოზარდის გარდაცვალება, არის ძალიან დიდი ტყუილი და სიბინძურე.
ამ დიდი ტრაგედიის ფონზე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია. მე მინდა მოვუწოდო და ვთხოვო მედია საშუალებებს, ნუ შეუწყობთ ხელს ტყუილების ტირაჟირებას და დეზინფორმაციის გავრცელებას ამ ტრაგედიის ფონზე და ნურავინ შეეცდება პოლიტიკური ქულების ჩაწერას ამ უბედურებისა და ტრაგედიის გამოყენებით. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მოზარდის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს და დარწმუნებული ვარ გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ყველა, ვისაც რაიმე ბრალი მიუძღვის, აგებს პასუხს“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ წყნეთში დენის დარტყმის შედეგად, 15 წლის მოზარდი, დათუნა ჟღენტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი სტუმრად იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა სკვერში მოზარდების თამაშის დროს მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.