ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში 15 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობაა.
„პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს!
ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო.
რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას და პატივი ეცით საზოგადოებას!,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, წყნეთში დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა. ბიჭი სკვერთან თამაშობდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა.
როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, სასწრაფოს მისვლამდე ბიჭის გადარჩენას ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.