გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციისა და ამ მიმართულებებით მაღალი აკადემიური მოსწრების პროფესიულის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების წახალისების მიზნით, „მწვანე და აგრო სტიპენდიები“ მესამედ გაიცა.
წელს 500-დან 1500 ლარის ოდენობით სტიპენდია 64-მა ახალგაზრდამ მიიღო 10 უნივერსიტეტიდან და 12 პროფესიული სასწავლებლიდან.

„მწვანე სტიპენდიები“ ვრცელდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: ბუნების დაცვა და მეტყევეობა, ეკოლოგია, ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა (ჰიდროლოგია), გეოლოგია, გამოყენებითი გეოგრაფია, გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა, გარემოს დაცვის ტექნოლოგიები, ხოლო „აგრო სტიპენდიები“ ვრცელდება პროგრამებზე: აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგიები, ვეტერინარია, მევენახეობა-მეღვინეობა, სატყეო საქმე, მცენარეთა დაცვა და სხვა.

სტიპენდიების გადაცემის ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე, იური ნოზაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი დაგლას უები, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი ლელა მამრიკიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მწვანე სტიპენდიების” პროგრამა ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით, ხოლო „აგრო სტიპენდიების“ პროგრამას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.
