ქართულ მხარეს სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი აქვს მყარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ევროპული კონვენციის არა ერთი მუხლია დარღვეული რუსეთის მხრიდან, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ყველა ძალისხმევა მობილიზებულია და მიმართული იქითკენ, რომ ევროპული სასამართლო იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და მათ ხელთ იყოს მყარი მტკიცებულებები.
“დღევანდელი ბოლო მოსმენის შემდეგ არ მოხდება გადაწყვეტილების გასაჯაროება. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო რანდენიმე თვის შემდეგ გაასაჯაროებს. ბუნებრივია, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმის მიმართ მაღალია, იმიტომ, რომ ეხება ყველაზე მთავარ გამოწვევას და პრობლემას, რაც დღეს გააჩნია ჩვენს ქვეყანას, ძალიან დიდ ტრაგედიას, რომელიც გადაიტანა ქვეყანამ 2008 წელს და შეილახა უამრავი ადამიანის სიცოცხლის უფლება. ჩვენი მოლოდინია ის, რომ ევროსასამართლო მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც წარმოაჩენს, რომ ის რეალურად გახლავთ მართლმსაჯულების აღმასრულებელი ეფექტური ორგანო ევროპაში,” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.