ნატალი მურღულია – (დიპლომირებული მედიკოსი), ათუკა კომახიძე – (ბიზნესის ადმინისტრირება), თიკო შავლაძე – (დიპლომირებული მედიკოსი), ჯაბა ფუხაშვილი – (სამართალი) – ესენი წარმატებული აბიტურიენტები არიან, რომლებიც მალე სტუდენტების სტატუსით სწავლას სრული დაფინანსებით დაიწყებენ. მათი ოცნება რეალობად დღეს იქცა და წინ კიდევ მეტი წარმატება ელით.
წარჩინებულ აბიტურიენტებს ჩვენ პირველი ემოციების, ერთწლიანი შრომის შესახებ ვკითხეთ და მომავალი აბიტურიენტებისთვის რჩევების დატოვებაც ვთხოვეთ.
პირველი ემოცია
„ძალიან გამიხარდა, რომ სასურველ პროგრამაზე მოვხვდი 100%-იანი დაფინანსებით და რომ ამდენი შრომა ასე დამიფასდა. პირველად მე და დედამ ვნახეთ შედეგები და მერე გავაგებინეთ ოჯახის წევრებს, რომლებსაც ძალიან გაუხარდათ ჩემი წარმატება“ – ამბობს ნატალი მურღულია და სამედიცინო უნივერსიტეტის პირველკურსელი მადლობას უხდის მათ, ვინც ამ ემოციების მიღებაში წვლილი შეიტანეს – „პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სკოლას “აი ბი მთიებს” და ჩემს პედაგოგებს იმ შედეგისთვის, რომელსაც მივაღწიე და რისკენაც ვისწრაფოდი“.
ათუკა კომახიძე (თავისუფალი უნივერსიტეტი): „ძალიან გამიხარდა, ალბათ, ამ დროს ყველას ეუფლება სიამაყის გრძნობა, გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც მე ვიყავი. შედეგების გაგების დროს ჩემს გარშემო ატმოსფერო ძალიან ამაღელვებელი იყო, რასაც ოჯახის მიერ გამოხატული მხარდაჭერა შესანიშნავს ხდიდა. ვფიქრობ, გრანტის აღება არამხოლოდ სიხარულის მომტანია შენი თავისთვის, არამედ ოჯახისთვისაც , რომელსაც არანაკლებ უხარია ეს შედეგი“.
“პასუხები ოჯახთან ერთად გავიგე და უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი” – მოკრძალებულად გამოხატავს პირველ შეგრძნებებს სამედიცინო უნივერისტეტის სრული დაფინანსებით ჩარიცხული თიკო შავლაძე.
„საბოლოო შედეგის ნახვისას მარტო ვიყავი და უნდა ვაღიარო, რომ ამ გრძნობისთვის, რომელიც ახლა მომენიჭა, მთელი წელი თავდაუზოგავად შრომა ნამდვილად ღირდა“ – გვითხრა თავისუფალი უნივერისტეტის გრანტიანმა სტუდენტმა ჯაბა ფუხაშვილმა.
მზადება გამოცდებზე მაღალი შედეგების მისაღებად
„რა თქმა უნდა, ამ შედეგის მიღწევა ადვილი არ არის, თუმცა საკუთარ თავზე უწყვეტი მუშაობა მიზანს რეალობად აქცევს. გადატვირთული გრაფიკი და ზღვა მასალის გააზრება ჩემთვისაც რთული იყო, მაგრამ ვცდილობდი, საგნის მიმართ მაქსიმალურად მქონოდა ინტერესი, რაც ძალიან ეხმარება ბავშვს გააჩნდეს თეორიული ცოდნა ნებისმიერ საგანში“- ამბობს ათუკა კომახიძე.
ნატალი მურღულია: „რა თქმა უნდა, ველოდი ასეთ შედეგს, რადგან მეთორმეტე კლასამდეც ვმეცადინეობდი და ვსწავლობდი, ჩემი პედაგოგების დახმარებით ავითვისე საჭირო მასალა და მოვემზადე აბიტურიენტობისთვის. ფაქტობრივად, მეთორმეტე კლასში, გარდა იმისა, რომ ახალი მასალაც ვისწავლე, მთლიანი სკოლის პროგრამა შევაჯამე და გავიმეორე. ვფიქრობ, სწორედ ეს დამეხმარა ასეთი შედეგის აღებაში – ამისთვის დიდი შრომა და თანმიმდევრულობაა საჭირო. არასდროს უნდა იფიქრო, რომ ყველაფერი გააკეთე, ყოველთვის მეტია საჭირო. ექიმობა ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა და ზუსტად ვიცი, რომ მზად ვარ ასეთივე და უფრო დიდი შრომისათვის, რომ ჩემს პროფესიაში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიო“.
ჯაბა ფუხაშვილი: „სიმართლე გითხრათ მსგავს შედეგს ველოდი, რადგან სკოლიდანაც კარგი საფუძველი მქონდა, თუმცა ეჭვიც მეპარებოდა ხანდახან, რაც მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა და უფრო მეტად პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემს საქმეს. ამის მიუხედავად, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ერთი წელი საფუძვლიანად მომზადება საკმარისია სასურველი შედეგის მისაღწევად წინარე მყარი ცოდნის გარეშეც კი. ჩემი აზრით, შრომა წარმატების პირდაპირპროპორციულია. ეს ბოლო ერთი წელი სრულიად დავუთმე სასურველი მიზნის მიღწევას, განსაკუთრებით ბოლო ორი თვე. მესმის, რომ ცოტა რთულია, მაგრამ ცხოვრების ამ პირველი წარმატებით მონიჭებული სიამოვნება და ემოციები აუცილებლად გადაწონის ნებისმიერ სირთულეს“.
“მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ეჭვები მაინც მქონდა შევძლებდი თუ ვერა 100%-იანი გრანტის აღებას. მთელი წელი ამ მიზნისთვის ვიღვწოდი და მიხარია, რომ შრომამ სასურველი შედეგი გამოიღო. რთული წელი იყო როგორც გონებრივად, დატვირთული გრაფიკის გამო, ისე ემოციურად, მაგრამ ნამდვილად ღირდა ამდენ შრომად, თუმცა, ვფიქრობ, პროფესიონალი პედაგოგებისა და ოჯახის გვერდში დგომის გარეშე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი. მოუთმენლად ველი სასწავლო წლის დაწყებას და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის” – ამბობს თიკო შავლაძე.
რჩევები მომავალ აბიტურიენტებს
განათლება დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია – სწავლის მიმართ დიდ ინტერესს ურჩევს ნატალი მურღულია მომავალ აბიტურიენტებს.
“სწავლის სურვილი, ალბათ, პირველია, სხვანაირად არაფერი გამოდის. ამას მოჰყვება იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რომლებიც დაეხმარება მომავალ აბიტურიენტებს, სწავლის პროცესი სისტემატური იყოს. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი სურვილია იმის, რომ რაც შეიძლება ბევრი იცოდე, რადგან ცოდნა და განათლება დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. წარმატებებს ვუსურვებ აბიტურიენტებს!” – ამბობს ნატალი.
ათუკას ერთ-ერთი გამოსადეგი რჩება კი დროის სწორად განაწილების უნარია.
„თავდაუზოგავი შრომის, ენთუზიაზმისა და ენერგიის მოძებნა საკუთარ თავში გეხმარება ერთ წლიანი რუტინა შესაძლებლობად აქციო და მიზანს მიაღწიო. ყოველდღიურად ახლის ძიება, მუდმივი ორიენტირი საკუთარი თავის განვითარებისთვის, არის ეფექტური შედეგის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. ვფიქრობ, დროის სწორად გადანაწილების უნარიც ეხმარება აბიტურიენტს, ამ პერიოდში იყოს პროდუქტიული“- ურჩევს ახლა უკვე სტუდენტი აბიტურიენტებს.
განმარტოება და სამოქმედო გეგმის შედგენა – ამას თვლის წარმატების გარანტად 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელი ჯაბა ფუხაშვილი.
„მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ განმარტოვდნენ საკუთარ თავთან, ერთგვარი სამოქმედო გეგმა დასახონ და სასურველი მიზნის მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშურონ. ერთი წლის მანძილზე ხშირი იქნება პატარა იმედგაცრუებებიც, თუმცა, მთავარია, არ დანებდნენ და ყოველგვარი იმედგაცრუება თუ მცირე ჩავარდნა წარმატების წინაპირობად აქციონ“.
მიზანი და შრომაა – თიკოს მთავარი აქცენტი წარმატებისკენ.
“მომავალ აბიტურიენტებს ულევ წარმატებას გისურვებთ, მთავარია მიზანი არ დაკარგოთ და თავდაუზოგავად იშრომოთ, რადგან თითოეული დახარჯული დრო, ნერვები და ენერგია აუცილებლად დაგიფასდებათ”.