LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებული წლები და „დემოკრატიით გაოცებული ევროპა“ – 100 წლის შემდეგ ცნობილი ქართველების შეფასება

დემოკრატიული არჩევნები, თანამედროვე კონსტიტუცია, გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები – არასრული სამწლიანი დამოუკიდებლობით, საქართველომ მსოფლიოს სოციალისტურ-დემოკრატიული სახელმწიფოს მაგალითი 100 წლის წინ აჩვენა.

მართალია თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა ქვეყნის მომავალზე უდიდესი გავლენა იქონია. დღეს უკვე თავისუფლად შეიძლება იმის შეფასება თუ რა შედეგები მოუტანა ამ თარიღმა საქართველოს.

თავისუფლების გარეშე არ არსებობს, როგორც ქვეყანა, ისე ადამიანი და მისი დათმობა კომფორტის გამო შეუძლებელა. თუმცა, საქართველოს ისტორიაში ეს შეცდომა დაუშვეს.

ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ 26-მა მაისმა წინაპრების დაშვებული შეცდომა გამოასწორა, თუმცა ეს მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე მოხდა. მისი თქმით, ამ მნიშვნელოვანი გარდატეხისთვის ერს დიდი ძალისხმევა არ დაუხარჯავს.

„ვერცერთი მოქალაქე ვერაფერს მიაღწევს იმ ქვეყანაში, რომელიც მისი არ არის, ამიტომ, საქართველომ არასდროს არ უნდა დაკარგოს თავისუფლება, არცერთი არგუმენტით. პოემაში „ბედი ქართლისა“ მეფე ერეკლემ წარმოადგინა მონობის ბევრი მომხიბვლელობა, მათ შორის, კეთილდღეობა, მშვიდობა, დაცვა… მას ბარათაშვილმა დაუპირისპირა ერთადერთი არგუმენტი – თავისუფლება და თქვა:

„მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება

სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,

მისდევდე შენსა გულისკვეთებას

და უთრგუნვიდე თავისუფლებას?“

მეფე ერეკლეს დანაშაული გამოსწორდა 1918 წელს და ეს თავისუფლება შეივსება მაშინ, როცა თითოეული მოქალაქე გახდება თავისუფალი,“ – განაცხადა ბერძენიშვილმა „ფორტუნასთან“.

 

წარმატებული წლები და „დემოკრატიით გაოცებული ევროპა“

მწერალი დათო ტურაშვილი ამბობს, რომ სამწლიანი დამოუკიდებლობის დროს დაშვებული უამრავი შეცდომის, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს პერიოდი საქართველოსთვის და არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

მისი თქმით, საქართველო, დამპყრობელი ქვეყნისგან რადიკალურად განსხვავებულად და დადებითად განვითარდა.

„ამ თარიღმა, მარტო ჩვენ კი არა, მთელ მსოფლიოს უნიკალური ექსპერიმენტი მოუტანა. იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩატარდა დემოკრატიული, ღია და თანასწორი არჩევნები, რომელმაც მსოფლიოს ისტორიაში პირველად მისცა “სოციალ-დემოკრატიულ” პარტიას ხელისუფლებაში მშვიდობიანად მოსვლის საშუალება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ 6 ომი აწარმოა, სანამ რუსეთის არმია შემოვიდოდა და იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი პრობლემა დახვდათ, მათ მაინც შეძლეს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, განსაკუთრებით სოციალური თვალსაზრისით. ეს ნამდვილად უნიკალური ექსპერიმენტი იყო – სოციალიზმი დემოკრატიის თანხლებით. განსხვავებით საბჭოთა რუსეთისგან, სადაც პირიქით მოხდა, სოციალური სახელმწიფოს შექმნა დაიწყეს საშინელი ტერორით და ყველაზე არადემოკრატიული გზებით.

შემთხვევითი არ არის, რომ 1920 წელს ჩამოვიდა ევროპის ინტერნაციონალური დელეგაცია, იმის სანახავად, აქ რა ხდებოდა. ვიზიტის შემდეგ, ყველამ დაწერა შთაბეჭდილებები, სადაც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, იმ განსხვავებით, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის იყო.

სამწუხაროდ, ეს ექსპერიმენტი ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა… თუმცა, მთელი მე-20 საუკუნე, დაპყრობის მიუხედავად, ხალხს ახსოვდა ეს სამი წელი, რომ შეძლეს ასეთი ექსპერიმენტის განხორციელება,“ – განაცხადა ტურაშვილმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.

 

100 წლის შემდეგაც, დამოუკიდებლობამდე კიდევ შორია

მოძღვარი პეტრე კოლხი, რომელიც საერო ცხოვრებაში ისტორიკოსი იყო, ამ თარიღის მნიშვნელობას ხაზს უსვამს, თუმცა აღნიშნავს, რომ დაკარგული ტერიტორიების ფონზე, 26 მაისის აღნიშვნა გაბუქებული და გადამეტებულია.

პეტრე კოლხი ყურადღებას უფრო წინა პერიოდზე ამახვილებს და ამბობს, რომ სწორედ 1918 წლის 26 მაისამდე მოხდა ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რამაც ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ნიადაგი მოამზადა. ეს მოვლენებია, თერგდალეულთა ეპოქა და ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა, მოგვიანებით, კი კირიონ მეორეს მიერ შექმნილი ე.წ. ავტოკეფალისტთა ორგანიზაცია და ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.

„მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ჩვენი საკადრისი ადგილი გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე, ჩემთვის ცოტა გადაჭარბებულია აღვნიშნო დამოუკიდებლობა, მაშინ როცა აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენ არ გვეკუთვნის. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ვისგანაც  მთელი არსებობის მანძილზე თავის დაღწევას ვცდილობდით, დღესაც მისი გავლენის ქვეშ ვართ.

მე აღვნიშნავ ამ დღეს, როგორც ერის სიხარულის დღეს, რომელიც ცოტა ხანს გაგრძელდა,“ –  ამბობს პეტრე კოლხი „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.

ტერიტორიების გარდა, საქართველომ „საბჭოთა კავშირის“ წყალობით კიდევ ორი მნიშვნელოვანი რამ დაკარგა – განათლებისა და შრომის კულტურა.

დათო ტურაშვილი ფიქრობს, სწორედ ამ ორი ფაქტორის გამო უჭირს ქვეყანას სწრაფი წინსვლა და განვითარება.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ახლაც ბევრი რამ აკლია. მთავარი პრობლემა არის ის, რომ იგივე ფაქტორი არსებობს, რაც მაშინ, რუსეთის იმპერიის სახით. ხალხში კი გვაკლია, ის რაც საბჭოთა კავშირმა დაგვაკარგინა, განათლებისა და შრომის კულტურა. სწორედ ეს ორი მთავარი რამ გვიშლის ხელს იმაში, რომ ვიყოთ ძალიან სწრაფად განვითარებადი, თანამედროვე ქვეყანა. იმედია დავიბრუნებთ, რადგან ეს ყველაზე სამწუხარო დანაკარგი იყო,“ – აღნიშნა ტურაშვილმა.

 

„კიდევ კარგი, რომ რუსეთი ასეთი ჩამორჩენილი ქვეყანაა“

100 წლის შემდეგაც, საქართველოს სრულად დამოუკიდებლობას ხელს ჩრდილოელი მეზობლის ფაქტორი უშლის. საბჭოთა წყობის დაშლის მიუხედავად, საქართველოში დღემდე მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა დრო ურჩევნიათ დღევანდელ თავისუფლებას.

ლევან ბერძენიშვილის აზრით, ქვეყანა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ემუქრება, არა თუ დაპყრობილ, არამედ საკუთარ მოქალაქეებსაც ვერ უქმნის ელემენტარულ პირობებს. ამის დასტურად მას ყირიმის მაგალითი მოჰყავს.

„კიდევ კარგი, რომ რუსეთი დღეს ასეთი ჩამორჩენილი ქვეყანაა, თორემ საქართველოში ისევ მოიძებნებიან „რუსეთუმეები“,  რომლებიც ამ კომფორტისთვის ქვეყანას გასწირავდნენ. რუსეთს არ შეუძლია თავის მოქალაქეებს მისცეს კომფორტი, არა თუ საქართველოს. ამის მაგალითია ყირიმი, მთელი მსოფლიოს აზრი დაიკიდეს და ნახონ ახლა რა ცხოვრებაა იქ – გაცილებით უარესი, ვიდრე იყო უკრაინის ხელში. ამიტომ, რუსეთი ამ კუთხით, მომხიბვლელი ქვეყანა არაა.

ამ ჩამორჩენილობის მიუხედავად, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთისკენ იწევენ, ეს ერთდროულად უვიცობისა და ფულის სიყვარულის ბრალია,“ – აცხადებს ბერძენიშვილი „ფორტუნასთან“ ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება „რუსეთუმეებს“ უფრო ეფექტიანად უნდა ებრძოდეს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები