რამდენიმე დღის წინ სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების დროს, ამავე კორპუსში მცხოვრებმა ლელა ბერუაშვილმა კატა დაკარგა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ლელა უკვე მეოთხე დღეა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს – აპოვნინონ მისი საყვარელი კატა სახელად პელე.
„პელე, ჩემო ნებიერა, როგორ გცივა და გეშინია, წარმომიდგენია…. არ ვკარგავთ იმედს რომ ისევ ჩაგეხუტები და მოგეფერები, ჩემო ცისფერთვალება….
მინდა დავიძინო და იქამდე არ გავიღვიძო, მანამ ჩემს პელესთან ერთად არ დავუბრუნდები ჩემს (ჩვენს) ჩვეულ აქტიურ ცხოვრებას….არავის არაფერს ვთხოვ, არაფერზე ვწუწუნებ გარდა იმისა რომ პელეს ძებნაში დამეხმაროთ… ყოველ წუთს ვგრძნობ თქვენს უანგარო მზრუნველობას…
გთხოვთ, ისევ გააზიაროთ ჩემი პელეს ფოტო, რომ მალე დაუბრუნდეს ოჯახს ჩვენს სიყვარულს და მოფერებას მონატრებული ბიჭი…. გთხოვთ….
პელეს დღეს ყველაზე ძალიან უჭირს, სულ მარტოა, უმწეოა, სცივა…. ღამე ვაგრძელებთ ძებნას…. ვისაც შეგიძლიათ დამეხმარეთ, გთხოვთ…“, – წერს ლელა ბერუაშვილი ფეისბუქში.
შეგახსენებთ, აფეთქება გვიან ღამით მოხდა სამტრედიის ქუჩის #2-ში მდებარე, 4-სადარბაზოიანი კორპუსის მე-3 სადარბაზოში. მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია რამდენიმე ბინა და შენობის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილები. აფეთქების ტალღამ კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინებში ფანჯრები ჩაამსხვრია.