“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას“.
მდინარაძის თქმით, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მეგობარი ქვეყნის ლიდერის ჩართვაზე პარლამენტში და გამოსვლაზე ილაპარაკებენ, “ჯერ ბოდიში მოიხადონ საქართველოს, ჩვენი სამშობლოს წინაშე, რაც ამ წუთამდე ამ მოთხოვნის დაყენებამდე აკეთეს საქართველოს დასაზიანებლად”
მდინარაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უკრაინაში თავისი კონტაქტები გამოიყენეს საქართველოს დასაზიანებლად.
„უკრაინას ყველა პლატფორმიდან მხარს ვუჭერთ, ეს გააგებინონ, აუხსნან, ბოდიში მოიხადონ, რაც იბოროტეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და დავფიქრდებით, არათუ გადავწყვეტთ, დავფიქრდებით რომელიმე მათ წინადადებას სერიოზულად შევხედოთ თუ არა. ომისა და ღალატის პარტიის რომელიმე წინადადებას სერიოზულად შევხედავთ თუ არა, ბოდიშს რომ მოიხდიან ჰიბრიდული ომის წარმოების გამო, ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს.” – განაცხადა მდინარაძემ.
“ქალბატონი ხატია ამბობს, რომ ჩვენ დავუკავშირდით ადმინისტრაციას და გადაწყდა, რომ ჩაერთვება, ალაგებენ იქ ურთიერთობებს თავისი ჭკუით. ჯერ ქალბატონმა ხატიამ იმაზე იფიქროს, რომ მათი გამოისობით და დარწმუნებული ვარ, ლომის წილი ამაში მათ ქონდათ, თუ მთლიანად მათი შემოქმედება არ არის, ჩვენმა ქვეყანამ გაიწვია ამ ქვეყნიდან ელჩი. დღეს უკრაინას საქართველოდან ელჩი ყავს გაწვეული და ისინი ახლა შუამდგომლობას აყენებენ ჩვენ წინაშე, რომ ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ჩაგვერთოს, ჯერ მათ უნდა იფიქრონ, როგორ გამოასწორონ მათი ნაბოროტალი საქმე. ამის შემდეგ დავფიქრდებით მათ დაყენებულ ამ და სხვა ნებისმიერ ინიციატივაზე სერიოზულად შევხედოთ თუ არა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ასეთი საკითხები არ გვარდება ოპოზიციასა და რომელი ქვეყნის ხელისუფლებას შორის, ასეთი საკითხები გვარდება, ლაგდება და თანხმდება ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის.