რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ მევიოლინე ლელა მჭედლიძე სტუმრობდა, რომელმაც ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ შესახებ ისაუბრა და ფესტივალის პროგრამა გაგვიზიარა.
ლელა, ვისაუბროთ, ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ შესახებ, რომელსაც ამდენი წელია, უთქვენოდ არ ჩაუვლია. აღსანიშნავია, რომ საოცარი ურთიერთობა გქონდათ თქვენ და ქალბატონ ლიანას… მოგვიყევით ქალბატონ ლიანაზე და აღნიშნულ ღონისძიებაზე.
განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ ფესტივალთან და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქალბატონი ლიანას დამსახურებაა, მის გამო ხდება ეს ყველაფერი. ქალბატონი ლიანა მარტო ჩემი ხომ არაა, მთელი საქართველოს სიყვარული იყო და ასე იქნება მუდამ, მისი გარდაცვალების მერეც არაფერი შეცვლილა, მისმა გარდაცვალებამ ეს სიყვარული და მონატრება გააღრმავა.
ქალბატონი ლიანას დამსახურებაა, რომ მე ამ პროფესიაში დავრჩი, ის ისეთ მოტივაციას და სტიმულს აძლევდა ყველას, განსაკუთებით ხელოვანებს და მევიოლინეებს, რომ ძალიან ძნელი იყო მერე აქედან გამოსვლა, შესაბამისად, დღეს თუ მე ამ პროფესიაში ვარ, ქალბატონი ლიანას დიდი როლია. ბავშვობიდან ვტკბებოდი მისი განუმეორებელი ჰანგებით და ინტერპრეტაციებით, მას შემდეგ რამდენი მევიოლინე მოვისმინე, რამდენთან ერთად დავუკარი, მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, იქნება ეს ალბერტ-ჰოლი, კოვენტ-გარდენი თუ სხვა, მაგრამ მსგავსი ინტერპრეტაცია, დამოკიდებულება და მუსიკისადმი სიყვარული იშვიათია, იშვიათად მინახავს. მას კი ეს ყველაფერი ჰქონდა და ამ ყველაფრის გამოტანის და მსმენელამდე მიტანის არანორმალურად დიდი ნიჭი ჰქონდა. გულის სიმებს რომ შეუჯანჯღარებდა მსმენელს, მას მერე, მუდამ რჩებოდა იმ ადამიანის გულში, სულში და მეხსიერებაში.
მე ქალბატონი ლიანას კამერულ ორკესტრშიც ვუკრავდი, შესაბამისად, კიდევ უფრო ინტენსიური და ხშირი ურთიერთობა მქონდა მასთან, მათ შორის, გასტროლებზე. შემოვლილი გვაქვს ნახევარი მსოფლიო, დაწყებული კანარის კუნძულებით, დამთავრებული ევროპის ყველა ქვეყნით. გერმანიაში ქალაქი არ დაგვრჩენია, სადაც ერთად კონცერტი არ გვქონია. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი მოგონებებია.
რას ნიშნავს თქვენთვის ფესტივალი „ღამის სერენადები“? გვიამბეთ ფესტივალის საბაზო ორკესტრზე „საქართველოს ვირტუოზები“.
ყველამ იცის, რომ ეს ფესტივალი არის ზეიმი და ჩემთვისაც ასეა, ზეიმია, რა თქმა უნდა, არის შრომაც, რადგან ამ ზეიმის უკან არის მუხლჩაუხრელი შრომა.
ქალბატონი ლიანასთვის ორკესტრი ძალიან მნიშვნელოვანი ძალა იყო და სწორედ ეს მომენტი ჩადო ფესტივალში. ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ორკესტრს და თვლიდა, რომ ორკესტრი იყო ხერხემალი, ძალა და ძალიან დიდი ფუფუნება. უმაგრესი მუსიკოსები არიან ორკესტრში და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ ჩვენთან ერთად არიან.
უნდა აღვნიშნო არაჩვეულებრივი ადამიანები, ფესტივალის ხელმძღვანელი, გიორგი ისაკაძე და დირექტორი, ნინა ცაგარელი, რომლებიც ყველა დეტალს უდიდეს ყურადღებას აქცევენ, არაფერი რჩებათ მიღმა. ფესტივალი ძალიან დიდია, ძალიან დიდ ხანს გრძელდება, აგვისტოში რომ იღებს სტარტს, თითქმის, 2 თვის განმავლობაში გრძელდება, თავისი კონცერტებით და მასტერკლასებით, შესაბამისად, ამ ყველაფერს ძალიან დიდი გათვლა, ჩამოწერა, მოლაპარაკება სჭირდება. ისინი ძალიან წარმატებით უძღვებიან ამ ყველაფერს.
მოუთმენლად ველოდები ფესტივალის დაწყებას. სხვათა შორის, რეპეტიციები უკვე დავიწყეთ.
20 აგვისტოს ვიწყებთ ფესტივალის გახსნითი კონცერტით, ქალაქ ბორჯომში. ამ კონცერტის მერე, ჩვენ გადავინაცვლებთ ბათუმში, რომელიც უკვე წლებია ჩვენი პარტნიორი ქალაქია და სადაც ულამაზესი კონცერტები გვაქვს ჩატარებული. კონცერტები „ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრის“ სცენაზე გვექნება.
„ღამის სერენადების“ შესახებ ყველა ინფორმაცია დევს ვებგვერდზე tkt.ge და საზოგადოებას უკვე შეუძლია, შეიძინოს ბილეთები.
წელს, არაჩვეულებრივი სოლისტების შეკრება გვაქვს. ჩამოდის არაჩვეულებრივი, ძალიან ცნობილი მესაყვირე – ნელო სალცა, რომელიც 22 აგვისტოს გამართავს კონცერტს. ის გახლავთ იტალიელი მესაყვრიე, რომელსაც მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, აქვს არაჩვეულებრივი ალბომები, ჩანაწერები. მე მას რუმინეთში მოვუსმინე, მან თავისი არაჩვეულებრივი ალბომი მაჩუქა და ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ ძალიან დიდი ხანი ვერ ვივიწყებდი მის მელოდიებს და ბგერას, რომელიც განსაკუთრებული სინატიფით და სისავსით გამოირჩევა. მიხარია, რომ ეს ადამიანი ჩამოდის ჩვენთან, თან ძალიან საინტერესო პროგრამით, ეს გახლავთ ენიო მორიკონეს კინომუსიკა, ყველა ცნობილი კინო ჰიტი. 22 აგვისტოს, ასევე, იქნებიან სოფო ხალვაში და გიორგი შიოლაშვილი. სოფოსგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ მუსიკოსები და ზოგადად, ფესტივალი.
იქნებიან ჩვენი ფესტივალის ტრადიციული სტუმრები, რომელთაც უკვე სტუმრებადაც აღარ ვთვლით, ისინი ჩვენი ფესტივალის აუცილებელი სოლისტები არიან, მათ შორის, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, რომელიც თავისი ფანტასტიკური შესრულების ტექნიკით, ვირტუოზულობით, ინტერპრეტაციით გვანებივრებს. მის კონცერტზე რომ ხარ, სხვა არავინ და აღარაფერი გაინტერესებს. ისეთი ქიმია, რომელიც მარიოს ახასიათებს, იშვიათია ხელოვანისგან, თითოეულ მსმენელთან ხიდი აქვს გადებული. დარბაზის ასეთი ერთობა კონცერტზე იშვიათია.
24 აგვისტოს, „ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში“ გვაქვს არაჩვეულებრივი კონცერტი, ორი არაჩვეულებრივი მუსიკოსის, ანდრეს გაბეტასა და მორის შტეგერის შესრულებით, რომლებიც ბაროკოს სტილის მუსიკას უკრავენ. ისინი ძალიან წარმატებულები და ცნობილები არიან. კონცერტზე გელოდებათ ბაროკოს ეპოქაში მოგზაურობა, რომელიც ავთენტური ინსტრუმენტებით არის განპირობებული. ანდრეს გაბეტა ულამაზეს ბაროკოს ვიოლინოზე უკრავს. შესრულებული იქნება ვივალდის, პერსელის და ა.შ. გენიალური ნაწარმოებები. აღსანიშნავია, რომ მორის შტეგერი ფანტასტიკური ფლეიტისტია. არაჩვეულებრივი პროგრამა გელოდებათ, ნამდვილად ისიამოვნებთ. ასეთი მუსიკა იშვიათი მოსაძებნი და მოსასმენია.
შემდეგი კონცერტი არის 26 აგვისტოს, რომელსაც მოუთმენლად ველი. ეს არის მარიო სტეფანო პიეტროდარკის კონცერტი, სადაც ვმონაწილეობთ ჩვენც, მუსიკოსებიც, ოღონდ ამჯერად არა, როგორც „საქართველოს ვირტუოზების“ ორკესტრი, არამედ „საქართველოს ვირტუოზების“ კვინტეტი. მე უკვე ვატარებ რეპეტიციებს ამ მიმართულებით. იქნება პიაცოლა, პალმერი, არაჩვეულებრივი ტანგოები და ა.შ. ფანტასტიკური პროგრამაა, ეს არის სრული სიამოვნება სულისთვის და გონებისთვის. კონცერტის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მონაწილე იქნება თათა ლიჩელი, რომელიც როგორც სოლისტი შეასრულებს ტანგოს, ასევე იქნება შესრულება მარიოსთან და ჩვენთან ერთად.
9-11 ოქტომბერს არის დასკვნითი კონცერტები, რომლებიც მართლაც ფინალისთვის შესაფერისი კონცერტები იქნება.
9 ოქტომბერს იქნება ჩვენი სიამაყე გოგო, მევიოლინე- ვერიკო ჭუმბურიძე, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ და რომელიც ფანტასტიკური მუსიკოსია. ასევე, გვეყოლება გადასარევი მაესტრა – ბეატრიჩე ვენეცი, რომელიც უკვე მესამედ ჩამოდის.
ფესტივალის დახურვა ყოვლად გამორჩეული კონცერტით „გრიბოედოვის თეატრში“ შედგება. მანამდე, ფესტივალს ამ განხრით არ უმუშავია. ეს იქნება რომის საბალეტო დასი – Balletto di Roma, მარიო სტეფანო პიეტროდარკისთან ერთად. ძალიან ველოდები, დარწმუნებული ვარ, გამორჩეული კონცერტი იქნება.
ლელა, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჯერ მთელი აქცენტი „ღამის სერენადებზე“ მაქვს, მაგრამ ამის მიღმა არის არის ჩემი სტაბილური სამუშაო „თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი“, სადაც არაჩვეულებრივი სიახლეები გველოდება. რა თქმა უნდა, არ ვისვენებთ და ვმუშაობთ, ვემზადებით ახალი სეზონისთვის.
ასევე, როგორც მევიოლინეს, პატარა კამერული ანსამბლით მაქვს ცალკე პროექტები, ვმოგზაურობ საქართველოს გარშემო.
„ღამის სერენადების“ დასკვნითი კონცერტის შემდეგ, ზალცბურგში მივემგზავრები, ვარ მსოფლიო ორკესტრის „მშვიდობისთვის“ წევრი, საქართველოს წარმომადგენელი და მივდივართ არაჩვეულებრივ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად.