განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, წელს მანდატური დამატებით 260 სკოლაში შევა.
ამის შესახებ, მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სადაც იმ დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა, რასაც, მიმდინარე წელს განათლების სამინისტრო სკოლებში უსაფრთხოების გაზრდის მიმართულებით გეგმავს.
„უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სკოლაში, იმიტომ რომ ნებისმიერმა მშობელმა თუ არ იგრძნო, რომ მისი შვილი სკოლაში უსაფრთხო გარემოშია, თავისთავად რთულია საუბარი ამ მიმართულებით. აქაც გამოვყავით სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც არამხოლოდ დაწყებულია მუშაობა და ბევრი ნაბიჯია გადადგმული, არამედ იმ გეგმებზეც დეტალურად ვიტყვით, რა უნდა გაკეთდეს. უსაფრთხოების კუთხით არის სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: ეს არის მანდატურის სამსახური; ფსიქოლოგიური მომსახურების სამსახური და კრიზისული ინტერვენციების ჯგუფი. ფსიქოლოგიური ცენტრი ახლა გვაქვს 8, კიდევ ვ ორი დაემატება, რომელიც ყველა რეგიონს მოიცავს. მანდატურების რვა რეგიონალური ცენტრი შეიქმნება კოორდინაციისთვის. მანდატური დამატებით შევა 260 სკოლაში წელს, რომელიც გაზრდის ბავშვების უსაფრთხოებას სკოლაში,“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.