LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს „პრაიდის” ჩატარება, მარტო „პრაიდი” აღარ არის, ეგ მიბმული იქნება საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობის რიტორიკასთან… ჩვენი რეაქცია როგორიც იქნება ყველამ იცის – მახარაძე

227
ზურაბ მახარაძე

პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის წევრი ზურა მახარაძე აცხადებს, რომ „პრაიდის” გამართვის შემთხვევაში ხალხის ორგანიზებასა და კვლავ ძალადობრივ მოქმედებებს აანონსებს.

მისივე თქმით, „ყველამ იცის, როგორი იქნება მათი რეაქცია”. როგორც ის აღნიშნავს, წელს არსებობს რისკი იმისა, რომ „ექსცესებმა მიიღოს არაკონტროლირებადი სახე – ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე წინა წელს”, ამიტომ ის ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მისცეს ორგანიზატორებს „პრაიდის” ჩატარების შესაძლებლობა.

„წელს „პრაიდის” ჩატარება, მარტო „პრაიდი“ აღარ არის. ეგ მიბმული იქნება საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობის რიტორიკასთან და პირდაპირ დაკავშირებულია ეგ ორი რაღაც ერთმანეთთან…

ამიტომ, აქ ცალსახაა, ჩვენი რეაქცია როგორი იქნება ყველამ იცის, როგორიც იქნება… თუ მთავრობას ოდნავ მაინც აქვს თავში ტვინი და ოდნავ მაინც თუ ხვდება, რამხელა საფრთხის წინაშე დგას ახლა ქვეყანა, როგორმე ერთხელ მაინც უნდა იპოვეს საკუთარ თავში ძალა და შეასრულოს ის ფუნქცია, რომელიც მას აკისრია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებიდან ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან არის ძალიან მაღალი რისკი, რომ ექსცესებმა მიიღოს არაკონტროლირებადი სახე, ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე იყო წინა წელს, სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლებელია, რამე მსგავსის ჩატარება, არ შეიძლება, ამიტომ დაყენდით, სადაც ხართ და თუ ეგენი მაინც ეცდებიან, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს თავის ხელთ არსებული ბერკეტები და ეგ ადამიანები გააჩეროს, იმიტომ, რომ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ღონისძიების ჩატარება, მით უმეტეს წელს – ამ საგარეო სიტუაციაში, ამ დაძაბულ ვითარებაში, პირდაპირ უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. აღარაა ეთიკურ-მორალური, ღირსების, სარწმუნოების, ამ თემას გაცდა უკვე, პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი გახდა.

… თუ სახელმწიფო ვერ დადგება მოწოდების სიმაღლეზე და ეს ორი კინკილა პროვოკატორი და ელჩები მაინც ეცდებიან, ჩვენც მოგვიწევს აქტივობის ჩატარება. წელს ქალაქის ცენტრში რომ არ გამოვა, ეგ უკვე გასაგებია. შეიძლება, სადღაც გეი-ნაკრძალი გააკეთონ, შემოღობილი, სადაც 3-4 ზოლი პოლიციის კორდონისა დაიცავს, რაც აპრიორი აღარანაირი „პრაიდი” აღარ არის. „პრაიდი” ღირსების მარშს ჰქვია მაგათი აზრით და ცენტრალურ ქუჩაზე უნდა გაიარონ ამაყად. სადღაც შემოღობილში ახლაც აქვთ გეი-ბარები, და თავისი ორგანიზაციები და ახლაც აკეთებენ ეგეთ ღონისძიებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავაფიქსირებთ და გავაკეთებთ ორგანიზებას, და ხალხი გარეთ გამოვა და დანარჩენი, კი კიდევ ერთხელ ვამბობ, თავიდან-ბოლომდე არის ხელისუფლებაზე”, – განაცხადა მახარაძემ პრორუსული პლატფორმა „ალტ-ინფოს” ეთერში.

შეგახსენებთ, პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ პრორუსულმა და ძალადობრივმა პლატფორმა „ალტ-ინფომ“ დააფუძნა. მისი ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ ჰომოფობიურ აქციაზე ათობით ჟურნალისტზე იძალადეს.

რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.

მიმდინარე წლის მარტიდან ზურაბ მახარაძე „ალტ-ინფოს“ პარტიის თავმჯდომარე აღარაა. 

თავმჯდომარის შეცვლის შესახებ ინფორმაცია მედიასთან ერთ-ერთი ლიდერმა, კოკა მორგოშიამ გააჟღერა:

„არაფერი შინაარსობრივად დიდი ცვლილება არ მოხდა. ზურასთან დაკავშირებით სხვა რაღაც აქტივობებს გეგმავს პარტია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g