LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას [ვუკავშირებ]…ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც მუშაობდნენ ჩართულ აუზში, ამოწმებდნენ და არანაირი დარღვევა არ აღმოუჩენიათ – ლაშა ფურცხვანიძე

409
ლაშა ფურცხვანიძე

შპს „გრინსერვისი+“-ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ვაკის პარკის შადრევანში ყველა სამუშაო ნორმის ფარგლებში იყო ჩატარებული და აპარატურა საქართველოში ჩამოტანამდე შემოწმდა.

ლაშა ფურცხვანიძე ვარაუდობს, რომ საქმე „წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას“ უკავშირდება, რადგან მისივე განმარტებით, „გრინსერვისი +“-ის თანამშრომლები 2 თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში მუშაობდნენ. ის ასევე აცხადებს, რომ ტრაგედიის წინა დღეს, მუშები ჩართულ აუზში მუშაობდნენ და არანაირი დარღვევა არ აღმოუჩენიათ.

„ძალიან არ მინდა თქმა, მაგრამ ერთადერთი წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას [ვუკავშირებ], სხვა მე ვერაფრით ვერ ვხსნი. ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც მუშაობდნენ ჩართულ აუზში, ამოწმებდნენ და ასწორებდნენ. მეტსაც გეტყვით, ძაღლის ჩახტომის კადრებიც არსებობს. თითქმის ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ აღმოგვიჩენია. […]

გაჟონვის რელე დაყენებული იყო, რომელიც ღირს 300 ლარი და არც ერთი თავმოყვარე კომპანია კი არა უკანასკნელი კომპანია არ გააკეთებს იმას, რომ შადრევანში, რომელშიც არის დენი, არ დააყენოს. ძალიან მაინტერესებს და გამოძიებამ დაადგინოს, რა მოხდა, რადგან ასეთი ფაქტი არ მომხდარა, ჩემი გადმოსახედიდან 25 წელი არ მომხდარა. არაერთი შადრევანი გაგვიკეთებია და ასეთი რამე არ მომხდარა“, – განაცხადა ფურცხვანიძემ პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ 3 არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.