LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელა და ალერგია – გაზაფხულის მოსვლასთან ერთად დაავადებათა რიცხვი მატულობს

წითელა და პოლინოზი, იგივე ალერგია – გაზაფხულის სეზონის ძირითად გართულებებად სახელდება. მედიკოსების თქმით, პოლინოზი მოსახლეობის 10%-ს მაინც აწუხებს. პოლინოზს უმეტესად ხეების, მარცვლოვანი მცენარეებისა და სარეველა ბალახის მტვერი იწვევს. ალერგიულ ადამიანებს პოლინოზი მაშინ უმწვავდებათ, როცა მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია განსაზღვრულ დონეს მიაღწევს. საქართველოსთვის დამახასიათებელია მცენარეთა ყვავილობის სამი სეზონი, რის გამოც აღინიშნება პოლინოზის გამწვავების სამი ტალღა: ადრე გაზაფხულზე, გაზაფხულ-ზაფხულის გარდამავალ პერიოდში და ზაფხულ-შემოდგომის გარდამავალ პერიოდში.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის, ინფორმაციით, გაზაფხულზე წითელა კვლავ აქტუალურ დაავადებად რჩება. 2018 წლის 1 მარტის მონაცემებით, წითელათი ყველაზე ხშირად სამეგრელოში ავადდებიან, ამ მხრივ, მეორე ადგილზე – იმერეთი და სამცხე-ჯავახეთია. 2018 წელს წითელა ყველაზე ხშირად გამოვლინდა აჭარაში (223 შემთხვევა), სამეგრელოში (41 შემთხვევა), თბილისში (37 შემთხვევა), იმერეთში (20 შემთხვევა), ქვემო ქართლში (11 შემთხვევა), გურიაში (8 შემთხვევა), მცხეთა-მთიანეთში (6 შემთხვევა), სამცხე-ჯავახეთში (4 შემთხვევა), შიდა ქართლსა და კახეთში (თითო-თითო შემთხვევა). მთლიანობაში, წელს  წითელას 352 შემთვევა დაფიქსირდა.

 

 

„წითელა არის მწვავე დაავადება, რომელიც მაღალი გადამდებლობით ხასიათდება. იგი ჰაერის გზით გადაეცემა და შეუძლია, ეპიდემია გამოიწვიოს. დაავადებისთვის დამახასიათებელია ცხელება, გამონაყარი, ხველა, რინიტი, კონიუქტივიტი. წითელათი თანაბრად ავადდებიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები,“ – უთხრა „ფორტუნას“ პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება მკურნალობას, პაატა იმნაძის ცნობით, ვაქცინაცია საუკეთესო გზაა, რომლითაც ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია, დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები.

ექიმი ალერგოლოგი, ნინო ლომიძე, „ფორტუნას“ სეზონურ ალერგიაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე ესაუბრა. ლომიძის თქმით, მცენარეული საფარის აყვავილებასთან ერთად, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს სეზონური ალერგია.

– როგორ ვლინდება სეზონური ალერგია?

– მცენარეული საფარველის აყვავებასთან ერთად მილიონობით ადამიანს მსოფლიოში აწუხებს სეზონური ალერგია ანუ პოლინოზი, რაც გულისხმობს მცენარის მტვრისადმი ალერგიას. მცენარეული მტვერი შედგება უმცირესი ზომის მარცვლებისგან. მათი დიამეტრი საშუალოდ 0.05 მმ-ია – რაც იმას ნიშნავს რომ ისინი თვალისათვის უხილავია. სწორედ მცენარის ეს მარცვლები შეიცავენ დიდი რაოდენობით ალერგენულ ცილებს, ანუ იმ ცილებს რომლებსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ. ალერგიულ პირებს მცენარეებისადმი ალერგია  ეწყებათ მაშინ, როცა ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია მიაღწევს გარკვეულ ზღვრულ დონეს, შესუნთქვის შედეგად ეს ცილები ჩვენს სასუნთ სისტემაში ხვდება და იწყება ალერგიის გამოვლინება. ალერგიის სიმპტომები ვლინდება შემდეგნაირად: ცემინება, ცხვირიდან წყლისებური გამონადენი, ცხვირის, სასის, ყურების, თვალების ქავილი, შეიძლება აღინიშნოს სუნთქვის გაძნელება და ბრონხოსპაზმიც კი. უნდა აღინიშნოს, რომ მცენარეული მტვერი, ძირითადად, ქარის მეშვეობით ვრცელდება და ქარმა ის შეიძლება ძალიან შორ მანძილზეც გადაიტანოს. ამიტომაც ზოგჯერ შესაძლებელია გარკვეული მცენარე, რომლის მიმართაც ადამიანი ალერგიულია, უშუალოდ ფანჯრის წინ არ ყვაოდეს და ქარმა მოახდინოს მისი გავრცელება შორ მანძილზეც კი.

 

– რა პერიოდი მიიჩნევა მცენარეების ყვავილობის დასაწყისად?

– თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ადრე მოყვავილე ხეები იწყებენ ყვავილობას. ისინი თებერვალშიც, როგორც კი ამინდები გაუმჯობესდება ხოლმე, ყვავიან. სწორედ ადრემოყვავილე ხეებს განეკუთვნება თხილი, თელა, კვიპაროსი, არყის ხე, ალვის ხე და ა.შ. როდესაც მცენარეული მტვრის გარკვეული კონცენტრაცია ატმოსფეროში მატულობს, სწორედ ამის შემდგომ იწყება ალერგიული გამოვლინების განვითარება. ამ პერიოდში უკვე უჩივიან პაციენტები ალერგიის სიმპტომებს: ცემინებას, სურდოს, თვალის ქავილს, ხველას. ადრემოყვავილე და გვიანმოყვავილე ხეებს შემდეგ მოსდევს ბალახები, მარცვლოვნები და სარეველები. მიუხედავად იმისა, რომ ყვავილობა დაწყებულია, ზოგ ადამიანს მარტო ხეებზე არ აღენიშნება ალერგიული გამოვლინება. ანუ ეს ყვავილობის პერიოდი იწყება რა თებერვლიდან, გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე, ხეები კი აპრილის დასაწყისამდე ყვავის. ხეებს შემდგომ უკვე ენაცვლება ბალახები და მარცვლოვანი მცენარეები. მათი ყვავილობის პერიოდი არის აპრილიდან ივლისის ბოლომდე. იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ბალახებსა და მარცვლოვნებზე არიან ალერგიულები, სიმპტომები შედარებით გვიან ეწყებათ, მაგალითად, აპრილის პერიოდში ან მაისში, როდესაც ეს მცენარეები ყვავის. არიან ადამიანები, რომელთაც სიმპტომები გვიან ზაფხულში ეწყებათ. აი, სწორედ ამ პერიოდში ყვავის ამბროზია, აბშანი, ბაბუაწვერა და ა.შ. შეიძლება კონკრეტულ ადამიანს ალერგია ჰქონდეს მთელი ხე-მცენარეების, ბალახებისა და სარეველების მიმართ, ანუ სიმპტომები დაიწყოს თებერვლის ბოლოს, მარტიდან და გაუგრძელდეს ოქტომბრის ბოლომდე, ანუ ყველაფერი, რაც ყვავის, მასში ალერგიის სიმპტომების მაპროვოცირებელი იყოს, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც უფრო აპრილი-მაისის პერიოდში აქვთ სიმპტომები, ან უფრო გვიან ზაფხულს. ალერგიის პერიოდი დამოკიდებულია იმაზე, რომელი მცენარის მიმართ არის პაციენტი ალერგიული და როდის ყვავის ეს მცენარე.

 

– რა უნდა იცოდნენ სეზონური ალერგიის მქონე პაციენტებმა?

– პირველი – მათი ალერგიული ჩივილების გამომწვევი მცენარის დასახელება, მეორე – აღნიშნული მცენარეების ყვავილობის პერიოდი და ჰაერში მათი მტვრის გავრცელების ხანგრძლივობა. ასევე, როგორ უნდა მოიქცეს მისთვის ალერგიის გამომწვევი მცენარის ყვავილობის დროს.

– თუ არსებობს რაიმე მედიკამენტები, რაც ალერგიულ ფონს შეასუსტებს?

– რა თქმა უნდა, თუ პაციენტს სეზონურად ეს პრობლემა აქვს, სასურველია, ალერგოლოგთან მოვიდეს კონსულტაციაზე, ალერგიული სიმპტომების დაწყებამდე 2 კვირით ადრე.  ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკას ანუ გამოკვლევის ჩატარება. ალერგიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად რეკომენდებულია კანის სინჯების ჩატარება მცენარეული მტვრის მიმართ, რაც გულისხმობს მცენარეული მტვრის ალერგენის წვეთის სახით წინამხარზე მოთავსებას და კონკრეტული მცენარის მიმართ ალერგიის გამოვლენას. პროცედურა არის ძალიან მარტივი, უმტკივნეული და 30 წთ-ში პასუხი მზად არის, იმ შემთხვევაში თუ ალერგია უკვე დაწყებულია არც მაშინ არის გვიან ალერგოლოგთან კონსულტაცია.

 

– როგორია ზოგადი რჩევები ალერგიასთან გასამკლავებლად?

– მოვერიდოთ დილით, როდესაც მცენარეების კონცენტრაცია ძალიან მაღალია (დილის 6 სთ-დან 10 სთ-მდე) შენობის გარეთ აქტიურ საქმიანობას, მაგალითად ვარჯიშს – ვარჯიშის დროს ორგანიზმი შეისუნთქავს მეტ ჰაერს და შესაბამისად მეტი ალერგენი  მოხვდება სასუნთქ სისტემაში; სასურველია ვიყოთ შენობაში განსაკუთრებით  ქარიან ამინდში, სახლში  დაბრუნების შემდეგ დავიბანოთ სახე და ხელები, რომ ჩამოვირეცხოთ დალექილი მცენარეული მტვერი.

 

– არის თუ არა განკურნებადი მცენარეული მტვრის ალერგია?

– არსებობს ალერგიული ვაქცინაცია, რომლის დროსაც პაციენტის ორგანიზმში აცრის სახით აღმავალი დოზით შედის მის ალერგიაში დამნაშავე ალერგენი (მაგ:მცენარეული მტვერი), რომლის მიზანია ორგანიზმის შეგუება მისი ალერგიის გამომწვევ მიზეზთან. ინიშნება როდესაც ალერგიული სიმპტომების მაპროვოცირებელი ალერგენის  ელიმინაცია ვერ ხერხდება, ასევე როდესაც სიმპტომები პროგრესირებს და მედიკამენტური მკურნალობა არ არის ბოლომდე ეფექტური. ალერგიული ვაქცინაცია აღიარებულია და წარმატებით გამოიყენება თითქმის მთელს  მსოფლიოში ათწლეულების მანძილზე,  რასაც მოწმობს არაერთი საერთაშორისო პუბლიკაცია და გაიდლაინი.

 

თათია კაკიაშვილი

magti 5g