LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელას ეპიდემია – რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ

witela

“დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 დაავადების შემთხვევაა, ეს არის ეპიდაფეთქება. ვაქცინაციის გარეშე რისკები კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ე.წ. “ღორის გრიპის” შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს წითელასთან ბრძოლა უწევთ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ერთადერთი იმუნიტეტი წითელასთან საბრძოლველად – ვაქციანაციაა, სწორედ ამიტომ მისივე თქმით, წითელაზე აცრა ყველასთვის უფასო გახდება. რამდენად რთული დაავადებაა წითელა, რა გართულებებს იწვევს და რა ასაკში უნდა ჩატარდეს ვაქციანაცია – რადიო “ფორტუნამ” ამ კითხვებით თბილისის სახელმწიფო სამედიცნო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორს, ნუგზარ უბერს მიმართა.

რა არის წითელა და როგორ ვლინდება ის? 

წითელა ძალიან სერიოზული დაავადება გახლავთ, ის მწვავე ვირუსული დაავადებაა ამიტომაც მთელს მსოფლიოში მიღებულია წითელას საწინააღმდეგო აცრა. წითელას ტიპიური შემთხვევა იწყება მწვავედ – ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს – ხველა, რინიტი, კონიუნქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი, რამდენიმე საათის ან დღის მერე კი, ავადმყოფის სხეულზე ჩნდება ვარდისფერი გამონაყარი. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზემოდან ქვემოთ (კისერი, ტანი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამოდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს ქვემოთ, იწყება გამონაყარის პიგმენტაცია, რომელიც თანდათან ქრება. გამომდინარე იქიდან, რომ წითელამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები – ენცეფალიტი, პნევმონია, დიარეა, ოტიტი და სხვა, პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმმა მოახდინოს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა.

როგორ ვრცელდება წითელა? 

წითელა გადამდები დაავადება გახლავთ, ის კონტაგიოზური მაღალგადამდებიანობით ხასიათდება. დაინფიცირებული პირი სწრაფად გადასცემს მას ჰაერწვეთოვანი გზით, ცემინებით, ხველების დროს. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს ამ ჰაერის დაბინძურებას, ასევე იმ საგნების დაბინძურებას, რომელსაც შეეხო ინფიცირებული ადამიანი. განსაკუთრებით, სიმპტომების გამოვლენამდე 4 დღით ადრე და გამოვლენის შემდეგ კიდევ 4 დღე, ეს ადამიანი არის უმრავლეს შემთხვევაში ვირუსის გამავრცელებელი. წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაემართოს  ნებისმიერი ასაკის ადამიანს თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს.

როგორ დავიცვათ თავი წითელათი დაავადებისაგან? 

ვაქცინაცია წითელას პრევენციის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში ან არაგეგმიურად, ნებისმიერ სხვა დროს. ბავშვის გეგმიური აცრა ყოველთვის უფასოა. უნდა გადაამოწმოთ თქვენი ვაქცინაციის სტატუსი, თუ არ ხართ დარწმუნებული ან არ ხართ აცრილი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით, მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს და ჩაიტარეთ აცრა წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით.

ვინ უნდა აიცრას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით? 

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი ითვალისიწინებს წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ორჯერად აცრებს 1 და 5 წლის ასაკში.
41 წლამდე ასაკის აუცრელმა და/ან არასრულად აცრილმა პირმა აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტაროს ვაქცინაცია.

რამდენად ეფექტურია წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია?  

ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. აცრილ ბავშვებში საერთოდ იშვიათად არის აღწერილი წითელას შეხვედრა. აცრა სრულად იცავს ადამიანს წითელასაგან, თუ ის აცრა დროზე და სწორად არის ჩატარებული. ვაქცინაცია უზრუნველყოფს იმუნიტეტის გამომუშავებას, რომელიც იცავს ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე.

რამდენად უსაფრთხოა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია? 

წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა. დღეისთვის ვაქცინა გამოიყენება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში სახელმწიფოს მიერ ხდება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული მაღალი ხარისხის ვაქცინების შეძენა.

როდის და ვისთვის არ შეიძლება აცრის ჩატარება? 

აცრის ჩატარება არ შეიძლება პირებში, რომელთაც ჰქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე. ასევე, იმუნოდეფიციტის მქონე პირებში. აცრის ჩატარება არ შეიძლება ორსულ ქალებში.

სად და როდის უნდა ჩაიტაროთ ვაქცინაცია? 

ბავშვთა გეგმიური კომბინირებული ვაქცინაცია წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში. მშობლებმა უნდა გადაამოწმონ თავიანთი და თავისი შვილების აცრის სტატუსი და დაუყოვნებლივ უნდა აიცრან, თუ აცრილები არ არიან. ასევე თუ 41 წლამდე ასაკის არის ადამიანი და არ არის აცრილი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ან მიღებული აქვს მხოლოდ ერთი დოზა. ამ შემთხევავში, უნდა მიმართონ პოლიკლინიკებს, იმუნიზაციის ცენტრებს. ბავშვების გეგმიური ვაქციანაცია უფასოა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g