LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე, თალაკვაძე, სერგეენკო – ვინ სახელდება ტიკარაძის შემცვლელად და ვინ თქვა უარი ჯანდაცვის მინისტრობაზე

27502
Untitled design (16)

9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში ბრიფინგი მოულოდნელად ჩაინიშნა. სპიკერი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იყო, რომელმაც საუბარი მადლობით და ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღწევებზე საუბრით დაიწყო. ცხადი გახდა, რომ მინისტრი გადადგომის შესახებ აკეთებდა განცხადებას. 

ჯანდაცვის მინისტრს მისი შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია. ის თანამდებობაზე წლის ბოლომდე  დარჩება, შემდეგ კი როგორც თავად განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს საქმიანობას.

პანდემიის რთულ პერიოდში ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლამ ვერსიები გააჩინა.

სამთავრობო გუნდი ამბობს, რომ იყო აზრთა გაცვლა და მსჯელობა, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირება დაიწყო, ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემის გამო.

მოდელი, რომლის მიხედვითაც „მწვანე პასპორტების“ მიღებაა საქართველოში შესაძლებელი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, რომელსაც ტიკარაძე ეწინააღმდეგებოდა.

ასევე ყველას გვახსოვს, ბოლო საკოორდინაციო საბჭო, როდესაც მედიასთან კომენტარი არავინ გააკეთა და მორიგი გადაწყვეტილებები საზოგადოებას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გააცნო.

სკანდალური საკოორდინაციო საბჭოს მესამე დღეს კი ჩვენ მოვისმინეთ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილება წასვლასთან დაკავშირებით.

ტიკარაძის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტში ვადის განსაზღვრის საკითხია: ივანე ჩხაიძე

ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის შემდეგ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი განიხილება მის შემცვლელად.

ტიკარაძის შემცვლელად ასევე სახელდება მისი მოადგილე თამარ გაბუნია. თუმცა მან გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა და  განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განიხილება. 

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნების შეთავაზება მიიღო დავით სერგეენკომ, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრის პორტფელი არჩილ თალაკვაძეს ჩააბარონ.

თუმცა მან „ფორმულას“ აღნიშნულ საკითხზე დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ არ აპირებს დაიკავოს ეს თანამდებობა, რადგან საკმაოდ ასაკოვანია.

ჯანდაცვის მინისტრის სავარაუდო კანდიდატებს შორის სახელდებიან პროფესორი გიორგი ფხაკაძე და „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძეც, რომელიც ასევე არის სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” გენერალური დირექტორი.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მედიის სხვადასხვა გამოკითხვაში, თუ ვის ისურვებდნენ ჯანდაცვის მინისტრად, გიორგი ფხაკაძის სახელი აქტიურად სახელდება.

ისინი ამ ეტაპზე ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობენ.

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ასევე განიხილება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, რომელიც ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების აქციების მფლობელია.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტიც, მიხეილ სააკაშვილმა ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა გადაუხადა.

მან შეუერთა თავისი ხმა ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებს – მადლობა ტიკარაძეს, რომ შეინარჩუნა ადამიანობა: მიხეილ სააკაშვილი