„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში, საქართველოს სამი მოქალაქე, მათ შორის, ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე მოინახულეს.
ორგანიზაციის განცხადებით, კომიტეტმა მოინახულა მამუკა ჩხიკვაძე, ვალერი კანიაშვილი და კახაბერ ნათაძე. მათ ოჯახებიდან გაგზავნილი წერილები გადასცეს. ორგანიზაცია დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას არ ავრცელებს.
ყველა მათგანს დე ფაქტო სასამართლოს მხრიდან წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მათ ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებას უყენებენ.
მამუკა ჩხიკვაძის მეგობრებს და ნათესავებს კი ეჭვი აქვთ, რომ ის სასტიკად ნაცემი და ნაწამებია.
„შემოგვითვალა, რომ ყველაფერი რიგზეა და კარგად არის, მამუკას უთქვამს, რომ არ იჯავრონო. ნაცემი რომ იყოს, მაინც არ იტყვიან, რომ ნაცემია. მოვითხოვთ, რომ გამოუშვან. მთავრობამ უნდა იაქტიუროს.“- ამბობს მამუკა ჩხიკვაძის ბიძა, მილერ კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ, გასული წლის 12 დეკემბერს გახდა ცნობილი, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკლე ცნობა გაავრცელა.
ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს.
14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის, რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს უნდა მიეწოდებინა, თუმცა რუსულმა მხარემ დამატებით 20 დღე ითხოვა.
ოკუპანტები აგრძელებენ ბორდერიზაციას, პროცესზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება: ირაკლი ანთაძე
20 იანვარს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე და ბოლო დროს განახლებულ „ბორდერიზაციის“ პროცესზე იმსჯელებენ.
ამჟამად, დე ფაქტო რესპუბლიკის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება.