რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის, მამუკა ჩხიკვაძის ზუსტი ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ უცნობია. ყოფილი ძალოვანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 4 დღის წინ გაიტაცეს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ის ცხინვალის იზოლატორშია და სასტიკად ნაცემი და ნაწამებია. ქაცარავა ხელისუფლებას ვადას დღის ბოლომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებს.
„მამუკა ჩხიკვაძე არის სასტიკად ნაცემი და ნაწამები, რაც მოსალოდნელი იყო სამწუხაროდ, თუმცა დადასტურებით ამაზე საუბარი გვიჭირდა, მაგრამ დღეს ეს ინფორმაცია უკვე მივიღეთ და შეგვიძლია ამის გაჟღერება. მე-4 დღეა ხელისუფლება დუმს, ზუსტად იმიტომ, რომ მათ იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ დღის ბოლომდე ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, რომ გააჟღერონ კონკრეტული გეგმა, გვითხრან როდის დაიხსნიან, როდის გამოიყვანენ მამუკა ჩხიკვაძეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაანონსებთ აქციებს, რომელიც „ქოც“ ხელისუფლებას და მის რუსულ ბოსებს ძალიან არ მოეწონებათ“, – განუცხადა „მთავარ არხს“ დავით ქაცარავამ.
ქაცარავას ინფორმაციით, ჩხიკვაძის ოჯახი დახმარებისთვის წითელ ჯვარს დღეს მიმართავს.
შეგახსენებთ, 12 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე უკანონოდ დააკავეს.