როდის დაბრუნდება უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე ჯერ კიდევ უცნობია. 2021 წელს Wizz Air საქართველოში ბაზის დაბრუნებას და საქართველოდან ფრენების განხორციელებას ისევ აქტიურად განიხილავს, თუმცა როგორც კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო აცხადებს, ავიაკომპანიის გეგმების განხორციელება მხოლოდ მათ სურვილებზე დამოკიდებული არ არის. აღნიშნულ საკითხზე ავიაკომპანიის წარმომადგენელმა „ბიზნეს ფორმულასთან” ისაუბრა.
„სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერც ერთი მიმართულება მოვიძიეთ, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენას შევძლებთ. ჩვენ კვლავაც არ ვიცით ზუსტი თარიღი, თუ როდის აღვადგენთ ფრენას საქართველოდან. ეს მეტწილად დამოკიდებულია იმ ევროპულ ქვეყნებზე, სადაც Wizz Air დაფრინავს. იმაზე, თუ როდის მისცემენ ისინი მესამე ქვეყნებს ევროკავშირში მარტივად შესვლის უფლებას“, – განაცხადა ანდრაშ რადომ „ბიზნეს ფორმულასთან”.
მისივე განმარტებით, მარტი საკმაოდ ადრეა ფრენების დასაწყებად. „ახლა რთულია თარიღებით სპეკულირება. მოდით, ვიმედოვნოთ, რომ ზაფხული კარგი სიახლეების მომტანი იქნება ჩვენთვის“, – დასძინა ანდრაშ რადომ.