ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქართულ მხარეს ქუთაისში, თავისი ბაზების დაბრუნებაზე ესაუბრება.
როგორც ნათია თურნავამ „საქართველოს პირველ არხს“ განუცხადა, გარდა Wizz Air-ისა, გაზაფხულიდან სხვა ბევრი ავიაკომპანია აპირებს ფრენების განახლებას.
„ჩვენ ფრენებს ეტაპობრივად ვხსნით, თუმცა ეპიდვითარება თავის კორექტივებს შეიტანს ამ ვითარებაში, რადგან ზოგიერთმა ქვეყანამ კარანტინი შემოიღო საქართველოდან გასული მგზავრისთვის. ეს თავისთავად თავის დაღს ასვამს ამ ფრენების აქტივობას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ ავიაკომპანიებთან“, – ამბობს მინისტრი.
მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ეტაპი როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში დაიწყება ძალიან სწრაფად, გაზაფხულიდან ბევრი ავიაკომპანია აპირებს, რომ განაახლოს ფრენები.
„მათ შორისაა „ვიზეარი“, რომელიც საქართველოში თავისი ბაზების დაბრუნებაზე გვესაუბრება ახლა“, – დასძენს ნათია თურნავა.