LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლომდე, კიდევ 3 ახალი ქართული თამაში შეიქმნება – ექსპორტზე გასვლის პოტენციალიც არსებობს

1525
-MG-9604 (1)

1-ლი ივლისიდან, საქართველოში „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ძირითადი ნაწილი ძალაში შევიდა. რეგულაციით სათამაშოების რეალიზატორებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ. მათ შორის: რეგლამენტის მიხედვით, ჩამოთვლილია ის ალერგიული ნივთიერებები, რომლებსაც არ უნდა შეიცავდეს სათამაშო. ასევე მოთხოვნებია წაყენებული სათამაშოს აალებადობის, ქიმიური თვისებების მიმართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეგლამენტის მიხედვით, სათამაშოს უსაფრთხო გამოყენების შესახებ ინსტრუქცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზეც.

ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, სათამაშოების უსაფრთხოებასა და ქართული თამაშების პერსპექტიულობაზე, „ფორტუნა“ შპს „თამაშობანას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნაუ სონღულაშვილს ესაუბრა.

-რამდენად უსაფრთხოა „თამაშობანას“ მიერ წარმოებული პროდუქცია და თუ აკმაყოფილებთ იმ რეგულაციებს, რაც ძალაში 1-ლი ივისიდან შევიდა?

„თამაშობანა“ – რამდენიმე ქართულ კომპანიასთან ერთად, იმ საორგანიზაციო ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომლებიც თამაშებზე რეგულაციების შემოღებას ვითხოვდით. ბაზარი საკმაოდ დიდი და აბსოლუტურად უკონტროლო იყო, სწორედ ამიტომ, ბავშვების ხელში ხშირად ხვდებოდა ისეთი სათამაშოები, რომლებიც ხშირად ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანოა. მას შემდეგ რაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ჩავერთეთ უშუალოდ ამ რეგულაციების ადაპტაციაში, პარალელურად, ჩვენი საწარმოო პროცესების მოდიფიცირებაც შევძელით. თუმცა, ჩვენი თამაშების გარკვეული ნაწილი ისედაც ამ რეგულაციების შესაბამისობით იბეჭდებოდა.

-სად და როგორ ხდება „თამაშობანას“ პროდუქციის წარმოება?

ამ ეტაპზე, „თამაშობანას“ თამაშები, სრულად იბეჭდება საქართველოში, შერჩეული გვყავს პარტნიორები, რომლებსაც საერთაშორისო და ევროპის სასკოლო აკრედიტაციები აქვთ გავლილი. შესაბამისად, მათთან თანამშრომლობა ძალიან გვეამაყება.

-დღეისათვის, რამდენი დასახელების თამაში გაქვთ?

ჩვენი თამაშების პორტფელი 15-მდე დასახელების პროდუქტს მოიცავს, მათ შორის უმეტესობა ქართული სამაგიდო თამაშებია, რაც ასე ძალიან აკლია ჩვენი სათამაშოების ბაზარს.

-რითი გამოირჩევით ადგილობრივ ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან?

ჩვენს სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, თუმცა, „თამაშობანას“ თამაშები ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით და მაღალი ხარისხით. ჩვენი ყველა თამაში სხვადასხვა ავტორთან კოლაბორაციაში კეთდება. ავტორები, უმეტესად, თავის საქმის უზომოდ მოყვარული და ნიჭიერი ადამიანები არიან, რის გამოც, „თამაშობანას“ თამაშები საკმაოდ დივერსიფიცირებული და მრავალფერივანია.

-სად ხდება თქვენი პროდუქციის რეალიზაცია?

ამჟამად, ჩვენი პროდუქციის 80% იყიდება ონლაინ. კოვიდთან ერთად, საკმაოდ გაგვიჭირდებოდა რეალიზებული პროდუქციის თანხების ქსელებიდან ამოღება, ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ონლაინ მაღაზია გაგვეკეთებინა და კიდევ სხვა ძალიან წარმატებულ პარტნიორებთან დავმეგობრებულიყავით. www.tamashobana.ge ეს არის ჩვენი მაღაზიის მისამართი და მიწოდებას სრულიად საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ.

-თუ გადიხართ ექსპორტზეც?

ამ ეტაპზე, ექსპორტზე არ გავდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თამაშები ქართულ – ინგლისურია. თუმცა, საკმაოდ დიდ პოტენციალს ვხედავთ ჩვენს დიასპორა ბაზრებზე და ამ წლის გეგმაში, ამ ბაზრების განვითარება გვაქვს მიზნად დასახული.

-პანდემიამ თქვენს საქმიანობაზე გარკვეული გავლენა ხომ არ იქონია, რეალიზაციის კუთხით?

რა თქმა უნდა, პანდემიის ეფექტები პერიოდულად ჩვენს საქმიანობასაც საკმაოდ ეხება, ზუსტად ისე, როგორც ტალღებისა და შეზღუდვების ამოქმედება ეკონომიკის სხვა ნებისმიერ სფეროს.

-წელს, ახალ თამაშებსაც ხომ არ შესთავაზებთ მომხმარებელს?

წლის ბოლომდე კიდევ 3 თამაში გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ბაზარზე გამოვა. ამასთან, ერთ კვირაში ვიწყებთ საპილოტე პროექტს “სამაგიდო თამაშების ჰაკათონს”, რომელიც დასაწყისისთვის გურჯაანის ტექნოპარკის მხარდაჭერით ჩატარდება. 200-მდე მოსწავლე გვყავს უკვე დარეგისტრირებული, რომლებმაც გარკვეული დავალებების მიხედვით, სამაგიდო თამაშების კონცეფციები და ნიმუშები უნდა შეიმუშაონ. ვფიქრობთ, საპილოტე პროექტის წარმატებულად ჩატარების შემთხვევაში, საქართველოს სხვა რაიონებსაც აუცილებლად მოვივლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g