ივნისში 0.4%-იანი დეფლაციის მიუხედავად, წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე (4%) მაღლა რჩება და 7.1%-მდე არის გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-9,0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1,1 პროცენტი) და ხილი და ყურძენი (-0,9 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,17 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1,3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3,6 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 9,5 პროცენტით, რაც 2,87 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (33,7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10,4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5,3 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 15,3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,92 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციაზე (21,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,6 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 18,2 პროცენტით, რაც 1,18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (36,8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3,0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით, რაც 0,66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (21,3 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5,4 პროცენტი).
