„ძალიან ვწუხვარ, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე ალასანიას, როგორც პარტიის წევრი სისულელეში გვერდით არ დავუდექი, მან მიმაკუთვნა ქართველების იმ ჯგუფს, რომლებსაც უხარისხო ქართველებს ეძახის,“ – ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
„ეს მისთვისაც, ალბათ, სამწუხარო უნდა იყოს, თუ კარგად დაფიქრდება. ჩვენ კი, ქართული საზოგადოება არ ვიყოფით ხარისხიანებად და უხარისხოებად. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის პროგრესისთვის, ვატარებთ ძალიან რთულ და მტკივნეულ რეფორმებს საზოგადოებასთან ერთად. მე ვისურვებდი, რომ ირაკლი ალასანიამ თავისი პარტია “რეალ ტვ”-ს არ დაამსგავსოს, გააძლიეროს და ღირებულებებზე ესაუბროს საზოგადოებას, ამომრჩეველს და არა რომელიმე ერთ მინისტრს, რადგან პარტიის რეიტინგი დამტკიცდება არჩევნების დღეს”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ თეა წულუკიანი სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა. ალასანია მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცების საკითხზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური დაკვეთის შესრულების სანაცვლოდ დააწინაურეს.
