ბრიტანელი მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ავტომობილის მოწყურებულ მდგომარეობაში მართვა ძალიან საშიშია – სითხის ნაკლებობა მძღოლს კონცენტრაციას აკარგვინებს და იწვევს ისეთ შეცდომებს, რაც ხშირად ავარიით სრულდება. ზოგადად გაუწყლოება ალკოჰოლური თრობის მსგავსი პროცესია – ადამიანი ისეთივე დაბნეული და უყურადღებოა, როგორც სპირტიანი სასმელის მიღების შემდეგ.
ცნობილია, რომ ალკოჰოლი კოგნიტურ ფუნქციებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, სწორედ ამიტომ ავტომობილის მართვა ნასვამ მდგომარეობაში ძალიან საშიში და თან უკანონოა. ხოლო მოწყურებულ მძღოლს მანქანის მართვას არავინ უშლის, თუმცა როგორც კვლევამ აჩვენა ესეც არანაკლებ სარისკო მანევრია.
კონცენტრაციის უნარს ადამიანი სულ მცირე გაუწყლოების დროსაც კი კარგავს და ყველა შესაძლო შეცდომას უშვებს. ეს დამტკიცდა ახალი კვლევით, რომელშიც 11 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა და ავტომობილს ისინი კომპიუტერის სიმულატორით მართავდნენ. ტვინის აქტივობას სპეციალური გადამცემი აკვირდებოდა. შედეგად დადგინდა, რომ მოწყურებული მძღოლი ძირითადად ორ შეცდომას უშვებს – გვერდით სავალ ზოლზე გადადის და ძალიან გვიან ამუხრუჭებს.
ძალიან ხშირად მათი ქცევა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების ქცევის ანალოგიურია – ამიტომ საჭესთან საკმარისი რაოდენობს სითხე უნდა მიიღოთ, რათა კონცენტრაცია არ დაკარგოთ.