წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში კირქვისა და კალციტების მწარმოებელი ქარხანა შენდება. მშენებლობის პროცესი თითქმის დასრულებულია და საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლა აპრილის ბოლოს იგეგმება.
როგორც ”ფორტუნას” ქარხნის მშენებელი კომპანიის შპს ”შარას” წარმომადგენელმა, გია კუხიანიძემ განუცხადა, კომპანიას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გეგუთში ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ გადასცა.
”აღნიშნულ უძრავ ქონებაზე აშენებული და მოწყობილი საწარმო საწყის ეტაპზე 15 ადამიანს დაასაქმებს. ვცდილობთ, რომ სარემონტო სამუშაოები რაც შეიძლება მალე დავასრულოთ და წარმოება მიმდინარე თვიდან დავიწყოთ”, – აღნიშნა კუხიანიძემ.
მისივე ინფორმაციით, წარმოებული კირქვისა და კალციტების რეალიზაცია თავიდან საქართველოს მასშტაბით განხორციელდება, თუმცა სამომავლოდ კომპანია პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. ”არ ვიცი თურქეთის ბაზარზე რამდენად იქნება აღნიშნულ პროდუქციაზე მოთხოვნა, თუმცა მას შემდეგ რაც ადგილობრივ ბაზარს ავითვისებთ, მეზობელ ქვეყნებში გასვლას ვეცდებით”, – განაცხადა შპს ”შარას” წარმომადგენელმა.
კომპანიამ დაფინანსება პროექტის ”აწარმოე საქართველოს” ფარგლებში მოიპოვა. საწარმოს მოსაწყობად აქ 352 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. წინაწარი ინფორმაციით, საწარმო ყოველწლიურად სულ მცირე 7 000 ტონა პროდუქციის გადამუშავებას შეძლებს.
