წყნეთში, გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე (საირმის, ამილახვრის, აფხაზეთის, ჩოლოყაშვილის, გრიშაშვილის ქუჩებზე) მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ცნობით, გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობა და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებენ.
საირმისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე გზის საფარი 4217 მ2 ფართობზე განახლდება. პროექტის თანახმად, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება, ასევე, გრიშაშვილის ქუჩაზე, სადაც 10 211 მ2 გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები შეკეთდება. აფხაზეთის ქუჩის 5202მ2-სა და ამილახვარის ქუჩის 5742 მ2 ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება, ტროტუარები კი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა.
კაპიტალურად შეკეთდება აფხაზეთის ქუჩის მიერთებები – გაგრის ქუჩა (აფხაზეთის ქუჩიდან – გურამიშვილის ქუჩამდე) და გრიგოლ აბაშიძის ქუჩა (აფხაზეთის ქუჩიდან – გურამიშვილის ქუჩამდე).
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანიები „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ და „ბლექსი გრუპი“ აწარმოებენ.
წყნეთში საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან, ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო.
დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ წყნეთში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
თბილისის მერის თქმით, წყნეთში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს და ასფალტის საფარი ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე იგება.
„წყნეთში, საგზაო სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ცენტრალურ ქუჩებზე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს, ხოლო შიდა გზებზე ვაკის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანიები მუშაობენ. ჯამში საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები სრულდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში წყნეთში იმდენი გზა დაიგო, რამდენიც მანამდე არასდროს დაგებულა, რითაც საგზაო ინფრასტრუქტურა ამ რაიონში მნიშვნელოვნად მოწესრიგდა და, შესაბამისად, გადაადგილებაც უფრო კომფორტული გახდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.