კომპანია Xiaomi-მ სასამართლო დავა მოიგო, რომელიც მისი მისამართით გავრცელებულ ცილისმწამებლურ და დაუზუსტებელ ინფორმაციას შეეხებოდა. ჩინურმა მედიასაშუალებამ AutoReport-მა კომპანიას 5 მილიონი იუანი – დაახლოებით 725 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს. გამოცემა CarNewsChina აღნიშნავს, რომ ეს თანხა მსგავსი საქმეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კომპენსაციაა.
სასამართლომ დაადგინა, რომ AutoReport-მა საკუთარი ანგარიშის მეშვეობით ჩინეთის სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე გაავრცელა დაუდასტურებელი და კომპანიის რეპუტაციის შემლახველი ცნობები. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ამ ქმედებებმა ზიანი მიაყენა როგორც Xiaomi-ს იმიჯს, ისე ბრენდის საქმიან რეპუტაციას.
ფინანსური კომპენსაციის გარდა, მედიასაშუალებას დაევალა ყველა სადავო პუბლიკაციის წაშლა, თუმცა კონკრეტულად რომელ მასალებზეა საუბარი, ოფიციალურ ანგარიშში დაზუსტებული არ არის.
Xiaomi-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ მზად არის მიიღოს კონსტრუქციული კრიტიკა და რეკომენდაციები, თუმცა შეურაცხყოფას, ცილისწამებასა და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ყველა შესაძლო იურიდიული გზით დაუპირისპირდება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩინეთში ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები ცილისწამების საქმეში გამარჯვებას აღწევენ. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილებები ძირითადად ინდივიდუალური ბლოგერების წინააღმდეგ გამოიტანეს. მაგალითად, JAC Motors-მა მოიგო საქმე, რომელიც სედანის Maextro S800 ტესტირების შედეგების გაყალბების შესახებ განცხადებებს ეხებოდა, ხოლო BYD-მა კომპენსაცია მიიღო სოციალური ქსელის მომხმარებლისგან, რომელმაც მოდელ Leopard 5-ს საწვავის გადაჭარბებული ხარჯი დააბრალა.