უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი უკრაინის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც კოვაჩი აღნიშნავს, ყალბი ამბების გავრცელება უნგრეთის პოზიციას არ შეცვლის.
„ყალბ ამბებზე პასუხი: 3 აპრილს უნგრელებმა გადაწყვიტეს, რომ უნგრეთი უკრაინაში იარაღს არ გააგზავნის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა არ მიესალმება ჩვენს გადაწყვეტილებას, ყალბი ამბების გავრცელება და სიცრუის შეთხზვა არ შეცვლის ჩვენს პოზიციას“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის უშიშროების სამსახურის მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა: „უნგრეთი ღიად აცხადებს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის შესახებ. მეტიც, ის პუტინმა წინასწარ გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ იქნებოდა თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ყველამ ვნახეთ მისი პოზიცია“.
მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთს ჰქონდა გეგმები უკრაინის ტერიტორიების ნაწილთან დაკავშირებით.
დანილოვი: უნგრეთმა უკრაინაზე თავდასხმის შესახებ იცოდა, ტერიტორიის წაღება სურდათ